ტურჩინოვმა რადას 24 დეპუტატი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა
უკრაინის უმაღლესი რადას თავჯდომარემ ალექსანდრე ტურჩინოვმა საპარლამენტო ჯგუფ “За мир и стабильность” -ის წარმომადგენელი დეპუტატები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამოსასვლელად გაემგზავრნენ, სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. უკრაინული ტელეარხის „5 канал“-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტურჩინოვმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კანონებისათვის – სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხის, უკრაინის სამხედრო ძალების გაძლიერების, ნაციონალური გვარდიის საკითხებისადმი ხმის მიცემა, მაშინ დეპუტატთა ეს ჯგუფი უკრაინისათვის, თავისი ქვეყნის დაცვისათვის არასოდეს აძლევს ხმას. ამიტომაც მე ვთვლი, რომ ხმის მიცემისას აი ასეთი ვოიაჟები მოღალეტეობრივი პოზიციაა“, – განაცხადა უკრაინის რადას სპიკერმა.
ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არა აქვს უფლება დაბლოკოს სახალხო დეპუტატების გამგზავრება და ჩამოსვლა, მაგრამ ის ასეთ საქციელს „საკუთარი ქვეყნის უპატივცემულობად და მოღალატეობრივ პოზიციად“ თვლის.
შეგახსენებთ, დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის „დსთ“-ს საკითხთა კომიტეტის უფროსმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რომ 17 სექტემბერს სახელმწიფო დუმის სხდომაზე უკრაინის უმაღლესი რადას ჯგუფ “За мир и стабильность”-ის დეპუტატები იქნებიან წარმოდგენილები, რომლებიც სლუცკის სიტყვებით, „რთულ პირობებში, ხშირად სიცოცხლის რისკის ფასად, იცავენ რუსული სამყაროს ინტერესებს“.
უკრაინის უმაღლესი რადას ჯგუფში “За мир и стабильность” სულ 36 დეპუტატია გაერთაინებული, რომელთა უმეტესობაც პარტია რეგიონების და უკრაინის კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ და არიან. მათგან 24 დეპუტატი დღეს მოსკოვში გაემგზავრა.
წყარო: 5.ua