Youtube-მ რუსული ტელეარხის LifeNews-ის აქაუნთი გააუქმა
Youtube-ს ადმინისტრაციამ ტელეარხ LifeNews-ის აქაუნთი გააუქმა. ტელეარხის გვერდზე შესვლისას გაუქმების მიზეზად მოხსენიებულია „მრავალრიცხოვანი საჩივრები საავტორო უფლებების დარღვევის გამო“.
ტელეარხ LifeNews-ის მთავარი რედაქტორის ანატოლი სულეიმანოვის განცხადებით, აქაუნთის გაუქმების მიზეზი ერთ-ერთი მასალის მომწოდებლის მხრიდან განხორციელებული აფერა გახდა.
„საუბარი ეხება ვიდეოს, რომელიც ჩვენ შევიძინეთ. ადამიანი, რომელმაც ის ჩვენ მოგვყიდა, ეს ექსკლუზივის პირობებში გააკეთა. ამჟამად, ამ ვიდეოზე პრეტენზიას მესამე მხარე აცხადებს“, – განაცხადა სულეიმანოვმა.
ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ასევე აღნიშნა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მომხმარებელმა მასალა ტელეარხს და ამავე დროს ფარულად სხვა ორგანიზაციებსაც მიჰყიდა.
ტელეარხი LifeNews არამ გაბრელიანოვის კუთვნილი ჰოლდინგის News Media-ს ნაწილია. ტელეარხის გარდა ჰოლდინგში შედის გაზეთები „Известия“, „Твой день“, „Жизнь“, „Маркер“; ჟურნალი „Bubble“ და პორტალი super.ru.