რას ფიქრობენ უცხოეთში გაეროს ვიზიტთან დაკავშირებით არსებულ უთანხმოებაზე – “ეს ყოველივე პოლიტიკურ ტელესერიალს ემსგავსება”

გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებულ უთანხმოებას უცხოეთშიც აფასებენ. რა შთაბეჭდილებას ტოვებს ეს, – ამ კითხვით “ამერიკის ხმამ” ამერიკის ყოფილ ელჩს საქართველოში კენეტ იალოვიცს და კარნეგის ფონდის ექსპერტს თომას დე ვაალის მიმართა.
კენეტ იალოვიცი: საქართველოსთვის აშკარად, საკმაოდ უხერხული სიტუაციაა, როცა ქვეყანას ჰყავს პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, რომლებიც ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ ვინ წარმოადგენს საქართველოს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე. სავსებით ნათელია, რომ ეს ერთ-ერთმა უნდა გააკეთოს, სასაცილო იქნებოდა, ორივე რომ წასულიყო ნიუ-იორკში. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობაში კოორდინაციის ნაკლებობაა, რაც საქართველოს საგარეო იმიჯს აზიანებს. თქვენ გყავთ ეროვნული მასშტაბით არჩეული პრეზიდენტი და ძლიერი პრემიერი, რომელიც პარლამენტმა აირჩია. ორივეს შეუძლია ვიზიტისთვის არგუმენტაცია წარმოადგინოს. სამწუხაროდ, ეს ყოველივე პოლიტიკურ ტელესერიალს ემსგავსება.
თომას დე ვაალი: მთავარი, რაც მაშფოთებს არის ის, რომ ამ ორმა ადამიანმა ითანამშრომლოს იმ მოვლენების გათვალისწინებით, რაც უკრაინაში ხდება და რასაც გავლენა საქართველოზეც აქვს. საქართველოსთვის კრიტიკული დროა და ქვეყნისთვის ეს შეშფოთების საგანი უნდა იყოს. ეს არის ერთობის დრო, ერთიანი მიზნების დასახვის და არა იმ განსხვავებების წარმოჩენის, რაც შესაძლოა პიროვნულ თავისებურებებს უკავშირდებოდეს. მე მგონია, რომ ამის დაძლევა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები