საქართველოს ელჩი გაეროში: ტექნიკური შეცდომა ალბათ, გაეროს სამდივნოს გაეპარა
გაეროში საქართველოს ელჩი კახა იმნაძე გაეროს მიერ კლიმატის სამიტზე შეცდომით მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოგზავნილ მიწვევას მექანიკურ შეცდომად მიიჩნევს. როგორც დიპლომატმა “მაესტროს ცხრიანში” განაცხადა, გაეროს საქართველოს მხრიდან 2013 წელსვე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეცვლილია პრეზიდენტი.
“რაიმე ინტრიგას აქ არ უნდა ვეძებდეთ, საქმე გვაქვს მხოლოდ ტექნიკურ შეცდომასთან. საქმე ისაა, რომ ის წერილი, რომელიც გამოიგზავნა გაეროს სამდივნოდან თებერვლის ბოლოს, არის შაბლონური წერილი, რომელიც გაიგზავნა 193 წევრ სახელმწიფოსთან, დამკვირვებელ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 200-ზე მეტი წერილი გაიგზავნა. ყველა წერილი შაბლონურია. ასეთ დროს ალბათ რაღაც დონეზე ქვევით, მოხდა ტექნიკური შეცდომა და გაიპარა ძველი სახელი, როდესაც copy-paste-ით რაღაცას აკეთებდნენ. გაეროს საქართველოს მხრიდან 2013 წელსვე, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, მიღებული ჰქონდა ინფორმაცია, რომ შეცვლილია პრეზიდენტი. ამას ადასტურებს ისიც, რომ გაეროს გენერალურმა მდივანმა მოსალოცი წერილიც გამოუგზავნა პრეზიდენტს. მოვიდა ეს წერილი ჩვენთან მისიაში, მისიამ აცნობა სამდივნოს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზი, ამ ხარვეზის გამოსწორებას დასჭირდა დრო. გარკვეული ბიუროკრატიაა, რომელსაც ვერ ვაკონტროლებთ. ეს არ ეხებოდა გენერალურ ასამბლეას და გენერალურ დებატებს, ეხებოდა ერთ კონკრეტულ ღონისძიებას. მოხდა ჩასწორება, გამოიგზავნა ახალი წერილი, იგივე თარიღით, რადგან აქ მიღებული წესია, რომ ყველა წერილი ერთი და იგივე თარიღით არის. შეცვალეს ადრესატი, დარჩა ტექსტი, დარჩა თარიღი. გამოიგზავნა ხელახლა მისიაში და მისიამ გადააგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში”, – განაცხ ადაიმნაძემ.