დავით უსუფაშვილი საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან საფრანგეთ-კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის დელეგაციის წევრები. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ფრანგ სენატორებს ქუთაისის პარლამენტის შენობაში უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე ისაუბრეს და ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს. ორი ქვეყნის კანონმდებლებს მჭიდრო და საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებთ და საპარლამენტო დელეგაციები სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ხშირად ურთიერთობენ.
„თქვენს აქ ყოფნას ჩვენ აღვიქვამთ როგორც ქართველი ხალხის და საქართველოს მხარდაჭერას. საქართველოს საფრანგეთისგან ბევრი რამ აქვს სასწავლი და გვსურს, აქტიურ რეჟიმში გავაგრძელოთ ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ზოგადად, მეგობრული ურთიერთობები“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებში საქართველო სანდო და სტაბილური პარტნიორია და იგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში.
საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციამ საქართველოში მოწვევა დავით უსუფაშვილის საფრანგეთში ვიზიტის პერიოდში მიიღო. შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საფრანგეთში კიდევ ერთხელ მიიწვია. ფრანგ სენატორთა დელეგაცია საკანონმდებლო ორგანოში დღესვე რამდენიმე შეხვედრას გამართავს. ვიზიტის ფარგლებში ევროპელი სტუმრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები