ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ტომაშ ორლოვსკის შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დაწყებისთანავე ალექსი პეტრიაშვილმა პოლონურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროტლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის.
სამინისტროს ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების აღსრულების პროცესში პოლონეთის გამოცდილების გაცნობისა და გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის ნოემბერში საქართველოდან პოლონეთში ათი საჯარო მოხელე (მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან) იქნება მივლინებული. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებით აღინიშნა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დახვეწის საკითხებში პოლონელი ექსპერტების აქტიური მონაწილეობა. მხარეებმა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების პროცესზე ისაუბრეს.
სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ რიგის სამიტზე საქართველო მოელის საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებას. პოლონელი სტუმრის მხრიდან წარმატებულად შეფასდა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და აღინიშნა მათი გაგრძელების აუცილებლობა. „საქართველოს წარმატება არის ევროკავშირის წარმატება. პოლონეთი დაინტერესებულია საქართველოს წარმატებით და მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტი შედგეს“, – განაცხადა შეხვედრაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.