„შსს-დან არა მარტო მოსასმენი აპარატურა, არამედ ოპტიკაც გატანილია“

„შინაგან საქმეთა სამინისტროდან არა მარტო მოსასმენი აპარატურა, არამედ ოპტიკაც გატანილია“,- ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა კახა კახიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. კახიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ არჩევნების შემდეგ სამინისტროდან გატანილი აპარატურის კვალს მიაგნონ.
„ნაცმოძრაობას“ მართვის მთელი სისტემა თვალთვალზე და ფარულ მოსმენებზე ჰქონდა აწყობილი. არჩევნები რომ წააგეს, ბუნებრივია, ექნებოდათ სურვილი, რადგანაც მივდივართ, მოდით აპარატურაც წამოვიღოთ და ჩვენ გვქონდესო, და გაიყოლეს კიდეც“, – აცხადებს კახიშვილი.
რაც შეეხება მოსასმენი აპარატურის შესყიდვის საკითხს, ექსპერტის თქმით, ზოგ შემთხვევაში პირდაპირ უწყება უკვეთავს და ყიდულობს ასეთ აპარატს და ბალანსზე იყვანს, ზოგ შემთვევაში კი სპეცანგარიშებიდან, ფარული ანგარიშებიდან ყიდულობდნენ, რაც ბალანსზე არ ჩანს.
„როგორც გავარკვიე, არა მხოლოდ ასეთი ტიპის აპარატურა, არამედ ოპტიკაც კი გატანილია. გახსოვთ, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან შეხვედრები რომ იყო, მთაწმინდის პარკის გადასახედიდან „სოდი“ და „კუდი“ ოპტიკით იჯდა და ხელისგულზე ჰქონდათ ივანიშვილის ეზო. ეს ოპტიკაც გატანილია. დღეს ამ აპარატურის „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა არ არის გამართლება ხელისუფლებისთვის. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რაც კი კანონის ფარგლებში შეიძლება, რომ აპარატურა ამოიღონ. ეს არის პორტატული აპარატი, რომელიც შეიძლება გქონდეს სახლში, მანქანაში, ოფისში, დადგე შენობასთან და მოუსმინო სასურველ პიროვნებას“,- განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები