„ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის მოსამზადებელ გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს“

„ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციის მოსამზადებელ გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს, ეს არ არის 2-3 წლის ვადაზე გათვლილი. ისინი დღეს საპროტესტო განწყობის შექმნაზე მუშაობენ, რომლის შედეგებს 2016 წლის არჩევნების შემდეგ ელოდებიან “,- ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა კახი კახიშვილმა დღეს „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ყოფილი სახელისუფლებო გუნდი ცდილობს, საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი აწიოს და ქვეყანაში ვითარება ყოველმხრივ გაუარესებულად წარმოაჩინოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მოსალოდნელი იყო, რომ საბოტაჟის რეჟიმზე გადავიდოდა. მათ არ იციან, რა არის დემოკრატიული მმართველობა, მათ იციან მართველობა, სადაც ფასადების ფერსაც კი ერთი კაცი წყვეტს. „ნაციონალური მოძრაობა“ ვერც დღეს და ვერც ორ წელიწადში ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. ვერც რევოლუციის ფლაგმანი იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ რევოლუცია მოაწყო, თუნდაც 5-6 წლის შემდეგ, საპროტესტო განწყობის შექმნა გჭირდება. პარალელურად, ხელისუფლების და სახელისუფლებო ინსტიტუტების დისკრედიტაცია; ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის წარმოჩენა და თანამდებობის პირების დაკომპლექსება, რასაც ახერხებენ კიდეც. დღე არ გავა, რომ „ნაციონალებმა“ არ გამოიტანონ თემა, სადაც ყველა მიმართულებით მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და განწყობას ქმნიან, თითქოს ძალიან მძიმე ვითარებაშია ქვეყანა“, – აცხადებს კახიშვილი.
ექსპერტის გათვლით, ნელ-ნელა, როდესაც საპროტესტო ტალღა ძალიან მაღალი იქნება, მოიძებნებიან ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელსაც „ნაციონალები“ ფარად გამოიყენებენ.
„თუნდაც ექვსი ან რვა წლის მერე ხალხი მათ ქუჩაში არ გაჰყვება. ეს რომ მოხდეს, უნდა შეიქმნას საპროტესტო განწყობა, მოხდეს სახელწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია და წარმოაჩინონ ისეთი სახე, რომელიც არ არის ასოცირებული „ნაცმოძრაობასთან“, რომელიც ამ მოკლე პერიოდში პოპულარული გახდება საზოგადოებისთვის. ამ სახემ უნდა გამოიყვანოს საპროტესტო ელექტორატი ქუჩაში და შემდგომში მოახდინონ რევოლუცია გრძელვადიან პერსპექტივაში. ეს არ არის 2-3 წლის ვადაზე გათვლილი. შედეგზე ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმუშავებენ“,- აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები