დავით საგანელიძე ჩინეთის რესპუბლიკის ხელმძვანელ პირებს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებს შეხვდა. როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, შეხვედრაზე სამომავლო ურთიერთობების განვითარებასა და გაღრმავებაზე ისაუბრეს. მისივე თქმით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამი ვიზიტი დაიგეგმა.
საგანელიძის აზრით, მეორე ვიზიტზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები – გუბერნატორები და ქალაქების მერები ესტუმრებიან. ასევე, დაიგეგმა ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც.
„ერთი ვიზიტი პარტიული რანგის იქნება, რომლის მიზანიც ჩინეთის მმართველობითი სტრუქტურების საქმიანობის გაცნობაა, ასევე, გავეცნობით იმ ეკონომიკურ პოტენციალს, რომელიც, შესაძლოა, საქართველოში იქნას ინვესტირებული. მე, როგორც საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, დამევალა სათავეში ჩავუდგე ასეთი ტიპის ვიზიტების ორგანიზებას“, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 15 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. საქართველოში დელეგაცია ვიზიტს 18 სექტემბერს დაასრულებს.