რეზო ესაძეს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა
სახელგანთქმულ ქართველ კინოხელოვანს, რეზო ესაძეს, დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს რეზო ესაძის ხსოვნასა და უდიდეს ღვაწლს ქართული და მსოფლიოს კულტურის განვითარებაში.
რეზო ესაძე 1955-57 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი და ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის, „ჭინჭრაქას“, რედაქტორი. 1956-58 წლებში თბილისის 23-ე საშუალო სკოლაში მუშაობდა ფიზიკისა და ასტრონომიის მასწავლებლად. სკოლის პედაგოგობის პარალელურად შექმნა საბავშვო თეატრი, სადაც დგამდა სპექტაკლებს. მისი სკოლის მოსწავლეები იყვნენ შემდგომში წარმატებული მსახიობები – ლია გუდაძე და გოგი ქავთარაძე.
გახლდათ საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი, 1974-89 წლებში კი -კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი.
სატელევიზიო ფილმების სტუდიასა და „ქართულ ფილმში“ შექმნილ შედევრებში – „ერთი ნახვით შეყვარება“ (1975), „ნეილონის ნაძვის ხე“ (1985 – მთავარი პრიზი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1987; საქართველოს სახელმწიფო პრემია „ხუთწლედის მატიანე“, 1987) – პიროვნების თავისუფლებისა თუ ადამიანთა შორის გულწრფელი ურთიერთობებისთვის გადაულახავ დაბრკოლებებად აღმართული მანკიერებები გააანალიზა. მისი შემოქმედება კარნავალურ საწყისს ეფუძნება, მორალურ-ეთიკური და სოციალური კრიტიკა შეზავებულია გროტესკთან, ბურლესკისა და იუმორის ელემენტებთან. ხოლო ფილმების დრამატურგიის საფუძველი პარადოქსია, ის უარს ამბობს სიუჟეტურ ჩარჩოზე, „თხრობით მონტაჟზე“.
„წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ – საბჭოთა კავშირის ცენტრალური ტელევიზიის დაკვეთით შეიქმნა და პირველად 1982 წელს უჩვენეს. რეზო ინანიშვილის სცენარის მიხედვით გადაღებულ ამ შესანიშნავ ფილმს, არასათანადო წარმოჩენის გამო, სამწუხაროდ, მაყურებლის დიდ ნაწილი დღემდე კარგად არ იცნობს.
1991-2003 წლებში რეზო ესაძე მუშაობდა ფილმ-მისტერიაზე „ჭერი ანუ დაუმთავრებელი მასალა“ (შეასრულა მთავარი როლი), სადაც „ცნობიერების ნაკადის“ მეთოდით გადმოცემულია პოსტსაბჭოთა საქართველოს საზოგადოების სულიერი მდგომარეობის სურათი. რეჟისორის ბოლო ფილმია 2016 წელს გადაღებული „თვე, როგორც ერთი დღე“.
რეზო ესაძე გახლავთ სცენარისტი მხატვრული ფილმისა „ზეიმი“ (ი. შავლიაშვილი, 1988), ანიმაციური ფილმებისა: „არაჩვეულებრივი ნადირობა“ (ო. ანდრონიკაშვილი, 1980) და „ურჩხულები“ (შ. ჭავჭავაძე, 1983).
როგორც მსახიობმა, შეასრულა მთავარი, მეორე პლანისა და ეპიზოდური როლები როგორც საკუთარ, ასევე სხვა რეჟისორთა ფილმებში: „ქალაქი ანარა“ (ვარლამი -გაბროვის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი მამაკაცის როლისთვის, 1976), „მონანიება“ (აპოლონი), „ერთი ნახვით შეყვარება“ (მარხალოვი), „თბილისი, პარიზი, პარიზი, თბილისი“ (მეკურტნე გიო), „ბეღურების გადაფრენა“ (კუზიანი), „ზოგი ჭირი მარგებელია“ (მედუქნე გასპარა და მწყემსი სოსიკა), „გამოცხადება“ (ექიმი – ფსიქოლოგი), „ლეონარდო“ ( ლეონარდო) და სხვა.
რეზო ესაძემ გადაიღო 12 ფილმი, მონაწილეობა კი მიღებული აქვს 120-ზე მეტ ფილმში. იყო გაერთიანება „დებიუტის“ (1979-89) ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ხოლო 1989 წლიდან სტუდია „+1“-ის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი.
რეზო ესაძე – მრავალმხრივი შემოქმედი – გატაცებული გახლდათ მხატვრობით. მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო თბილისში (1985, 1987, 1997), მიუნხენში (1987), ჟენევასა (1987) და თელ-ავივში (1999). 1986 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
გამოსცა საკუთარი ნახატებით გაფორმებული ლექსების კრებულები: „ლექსები და ნახატები“ (2001), „რაშის მონოლოგი“ (2003). აგრეთვე არის ავტორი სახელმძღვანელოსი „ბიალონი-რეჟისურის შესახებ“ (2008).
1980-იანი წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-სა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში.
რეზო ესაძე 1966 წლიდან იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980), საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემიის ლაურეატი (1982), 1986 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება; 1994 წელს კი – ღირსების ორდენი. მისი ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზებისა და რუსთაველის სახელობის პრემიის მფლობელია (2004).
2008 წლის ბათუმის საავტორო კინოს მესამე საერთაშორისო კინოფესტივალზე გადაეცა პრიზი კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის. მიღებული აქვს კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენი. 2019 წლის თებერვალში კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.
გარდაიცვალა 2020 წლის 18 აპრილს, 86 წლის ასაკში.