ეგნატე ნინოშვილის დაბადებიდან 165 წელი გავიდა
გამოჩენილი ქართველი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის (ნამდვილი გვარი – ინგოროყვა), დაბადებიდან 165 წელი გავიდა, სამიოდე თვეში კი მისი გარდაცვალებიდან 130 წელი შესრულდება. კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ეგნატე ნინოშვილის ხსოვნას, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილ მის განსაკუთრებულ წვლილს და გამორჩეულ ადგილს ქართული ლიტერატურის ისტორიაში.
„სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასე შეაფასა მისი ცხოვრება და შემოქმედება აკაკი წერეთელმა და მწერალს „მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი“ უწოდა.
ეგნატე ნინოშვილის ხანმოკლე ცხოვრება მდიდარ შემოქმედებით ბიოგრაფიას მოიცავს. მან მხოლოდ 35 წელი იცოცხლა და შვიდი წელი მწერლობას დაუთმო, რის შედეგადაც შექმნა დაუვიწყარი მხატვრული ქმნილებები: „გოგია უიშვილი“, „ქრისტინე“, „პარტახი“ „განკარგულება“, „პალიასტომის ტბა“, „ჩვენი ქვეყნის რაინდი“, „ჯანყი გურიაში“…
ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებას ასე ახასიათებენ: „მშრომელთა ყოფის მხატვარი, ჩაგრულთა თავდადებული ქომაგი“. ეს სწორი შეფასებაა, მაგრამ არა – სრულყოფილი და ამომწურავი. ეგნატე ნინოშვილის ნაწარმოებები მწერლის ოსტატობითა და თემების აქტუალურობით დღესაც იპყრობს მკითხველის ყურადღებას. ამას მოწმობს ისიც, რომ მისი მოთხრობებით კვლავ ინტერესდებიან ქართველი რეჟისორები, იქმნება სადისერტაციო ნაშრომები თემაზე: „გენდერული პრობლემა ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში“.
ეგნატე ნინოშვილი წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილას საქმიანობდა. იყო მასწავლებელი სოფელ ჩონჩხათის სკოლაში, მუშაობდა სოფლის კანცელარიაში, თბილისის სტამბაში იყო ასოთამწყობი, ტელეგრაფისტი – სუფსის სარკინიგზო სადგურში; შავ მუშად ითვლებოდა ბათუმის ნავსადგურში, მუშად – როტშილდის ქარხანაში. ერთი წლით საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში გამგზავრებაც კი მოახერხა. ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, საფრანგეთში ეგნატე ნინოშვილი მეტისმეტად გაჭირვებულად ცხოვრობდა და თავის სარჩენად მძიმე შრომა უწევდა.
1890 წელს ეგნატე ნინოშვილი ჭლექით დაავადდა და 1894 წლის 12 მაისს, 35 წლისა, გარდაიცვალა.