რაზე შეთანხმდნენ ღარიბაშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის დახურულ შეხვედრაზე?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დათო ლორთქიფანიძის განცხადებით, სხდომაზე ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად საუბარი იყო იმის შესახებ, რომ მასმედიასთან მიმართებაში აქტიური მუშაობაა საჭირო. მისი თქმით, უმრავლესობა მზად არის, უფრო მეტად გააქტიურდეს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გეგმაზომიერად ებრძოლოს.
„ნაციონალები“ ისე გააქტიურდნენ, მე მგონი, სიკვდილის ბუზი დააჯდათ. უმრავლესობაში უკვე არის მზაობა, რომ უფრო მეტად გავვაქტიურდეთ და გეგმაზომიერად შევუტიოთ, რათა ყველასა და ყველაფერს ყოველგვარი მიეთ-მოეთის გარეშე დაერქვას თავისი სახელი. სხდომაზე საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ მედიასთან მიმართებაშიც უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. კი, ბატონო, ზოგიერთ სფეროში არის ჩავარდნა, მაგრამ ისეთი საქმეებიც გვაქვს გასაკეთებელი, რომელთა წარმოჩენაც სასიკეთო იქნება. აქამდე იყო ასეთი განწყობა: კაი, კაცო „ნაციონალებმა“ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, მაგათ ვინ დაუჯერებს? როგორც ჩანს, დღეს ყველა მიხვდა, რომ ასეთმა მიდგომამ არ გაამართლა… ჩვენი ვალდებულებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ბანდას გავცეთ საკადრისი პასუხი და საზოგადოებას არ დავავიწყოთ „ნაციონალების“ მიერ ჩადებილი ავი საქმეები. აქამდე ამას რომ არ ვაკეთებდით, ამან მიგვიყვანა სავალალო შედეგამდე – დღეს სისხლის სამართლის დამნაშავეები ყელყელაობენ და ხელისუფლების დამხობაზეც ფიქრობენ… დღეს პარტია „ქართული ოცნების“ მექანიზმი არის ძალიან მოდუნებული. ამ მექანიზმს სჭირდება მოქოქვა და ამისათვის საჭიროა პარტიის ხელმძღვანელობის ნება. არ დაგიმალავ, სხდომაზე უკვე დავინახე საამიასო ნება, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უახლოეს დღეებში პარტიაში შეიქმნება აღმასრულებელი მდივნის სამსახური, რომელიც უშუალოდ იქნება დაკავებული ყველა საკითხით. ჩვენი პარტია უნდა დაიქოქოს და იყოს რეალობის შესატყვისი… ჩემი აზრით, პრემიერ-მინისტრმა ყველაფრი კარგად აწონ-დაწონა და ჩათვალა, რომ მწვანე უნდა აენთო. იმედია, ჩემი აქტიურობა მავანთთავის აღარ იქნება გამაღიზიანებელი“, – განუცხადა ლორთქიფანიძემ „ალიას“.