ლეონარდო დი კაპრიო გაეროს მშვიდობის ელჩად აირჩიეს

ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დი კაპრიო გაეროს მშვიდობის ელჩად კლიმატის ცვლილებების საკითხებში დანიშნეს. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა. მისი თქმით, დი კაპრიო სამიტზეა დაპატიჟებული, რომელიც კლიმატის თემაზე გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში 23 სექტემბერს გაიმართება. ამ სამიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, სახელმწიფოები ატმოსფეროში გამოყოფილი სითბური აირების მოცულობის შემცირების პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე აიღებენ.
„დი კაპრიო შესამჩნევი ფიგურაა გარემოს დაცვის მოძრაობაში და ყველა საშუალებას ფლობს იმისთვის, რომ გააძლიეროს ამ მოძრაობის მთავარი მესიჯი“, – განაცხადა პან გი მუნმა.
ლეონარდო დი კაპრიომ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ გაეროს მშვიდობის ელჩად დანიშვნა მისთვის დიდი პატივია.
„მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას კაცობრიობისთვის ამ მნიშვნელოვან დროში, სიტყვით გამოვიდე კლიმატის პრობლემებზე. როგორ მოვახდენთ რეაგირებას კლიმატურ კრიზისზე უახლოეს წლებში, ამაზეა დამოკიდებული კაცობრიობის და ჩვენი პლანეტის ბედი“, – გაეროს პრესსამსახურმა დი კაპრიოს ციტატა გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს ლეონარდო დი კაპრიომ დააარსა ფონდი, რომლის მიზანი ველური ბუნების დაცვის უზრუნველყოფა, ასევე ადამიანის და გარემოს ჰარმონიულობის გზების მოძებნაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები