სოსო შატბერაშვილი: შემოდგომაზე საპარლამენტო გადატრიალება იგეგმება

საქართველოს პარლამენტის და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო შატბერაშვილი შემოდგომაზე საპარლამენტო გადატრიალებას აანონსებს და აცხადებს, რომ აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად მიხეილ სააკაშვილის მიერ მოძიებული იქნა დაახლოებით მილიარდი დოლარი – აღნიშნული განცხადება შატბერაშვილმა საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. „საპარლამენტო გადატრიალება შემოდგომაზე იგეგმება. საქართველოს ერთ-ერთი ყოფილი პრემიერ მინისტრისგან მიღებული ინფორმაციით,შემიძლია დაზუსტებით გითხრათ რომ გადატრიალების შედეგად „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრტარები“ და „ნაციონალები“ გაერთიანდებიან. საპარლამენტო რღვევა უკვე დაწყებულია და ღიად თუ ფარულად, უმრავლესობის არაერთი წევრი იმუქრება. იგეგმება კოალიციიდან რამდენიმე პარლამენტარის ნაციონალების რიგებში გადასვლა, მას შემდეგ კი რაც ისინი უკვე ამ გაერთიენებით ახალ უმრავლესობას შექმნიან, რომელსაც მხარს გიორგი მარგველაშვილი დაუჭერს. გეგმის ნაწილია კახა კალაძის გაპრემიერება“ – აცხადებს შატბერაშვილი.
შატბერაშვილის თქმით, „ნაციონალების“ გეგმის მიხედვით, წინასწარ გაწერილი იყო ის რომ ქვეყანაში არეულობის შემოტანის ერთ-ერთ წინაპირობად, უნდა მომხდარიყო კრიმინოგენული ვითარების დაძაბვა რაც მისი თქმით უკვე შესრულებულია.
„ამავე გეგმის ნაწილია ნოდარ ხადურის გადაყენების მოთხოვნა, რაც საბიუჯეტო კრიზისით იქნება გამყარებული და არეულობა აჭარაში“ – განაცხადა შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული გეგმის შესახებ ინფორმაცია აგვისტოში მიიღო. შატბერაშვილის თქმით, აღნიშნული გეგმის თავიდან აცილება დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაში“ არსებულ შიდაპროცესებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები