“მეწყერი განვითარდა ძალიან მყისიერად და, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან არიდება“ – ვასილ გედევანიშვილი სოფელ ნერგეეთის ტრაგედიაზე
„პირველ ყოვლისა, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდართან დაკავშირებით და მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს.
ამ ეტაპისთვის, რამდენიმე ჯგუფი მუშაობს გეოლოგების გარემოს ეროვნული სააგენტოდან და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა მომხდარის, ასევე, მიმდინარეობს პოტენციური საფრთხეების ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საფრთხეები და უახლოეს მომავალში დეტალურ დასკვნას გაავრცელებს გარემოს ეროვნული სააგენტო”, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ გედევანიშვილი აცხადებს.
მისი განმარტებით, გასულ ღამეს სოფელ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ქვეზვავური ტიპის მეწყერი განვითარდა, რომლის თავიდან აცილებაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.
„რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც დაახლოებით 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც მოახდინა საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაზიანება. აღნიშნული მეწყერი განვითარდა ძალიან მყისიერად და, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან არიდება.
კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, საკმაოდ გახშირდა სტიქიური მოვლენები როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშე ვდგავართ, რაც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილებასა და იმ უხვ ნალექებთან, რომელიც გახდა პრაქტიკულად გახდა მიზეზი ამ მოვლენის.
ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და იქ აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს გეოლოგიის, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ ზონა არ ყოფილა შეფასებული, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. ამ სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს. როდესაც ვთქვი, რომ საფრთხეები შეფასებულია, ეს არის შეფასებული მთლიანი სოფლის მასშტაბით, იმ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ სხვა სოფლებსაც. ბუნებრივია, ეს რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო უცხოელ ექსპერტთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი დეტალიზაცია მოახდინოს.
სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული იმიტომ, რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები, დამატებითი საფრთხის შეფასება და სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. რომ შევძლოთ მაქსიმალურად დავაიდენტიფიციროთ მეწყრულად აქტიური უბნები. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს პროცესები, საკმაოდ გახშირდა ეს მოვლენები და კლიმატის ცვლილებებთან ერთად იზრდება ეს რისკები, საკმაოდ რთულია ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა.
კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან დაკავშირებით არ იყო. ამ პოტენციურ მეწყრებს და საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისთვის, რომ დავადგინოთ სიღრმისეულად რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს, გარდა მაგისა, არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც გეტყვით ზუსტად როდის, რა დროს, რა ლოკაციაზე განვითარდეს მეწყერი. დამატებით კვლევებში მე ვგულისხმობ, დამატებით ანალიზს თითოეული პოტენციურად მეწყრულ არეალის იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს ბოლომდე, რომ განვსაზღვროთ ჩვენ, როდის რა მოხდება. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ და მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები გადავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც არის.
როგორც მოგახსენეთ ბიულეტენში კონკრეტულად ეს უბანი არ იყო მითითებული და შესაბამისად კონკრეტული ღონისძიებები არ იყო განსაზღვრული ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება შემარბილებელ ღონისძიებას ძალიან რთულია ამის თქმა და დასკვნების გამოტანა, ერთი შეხედვით რაც შეგვიძლია, ვთქვათ, საკმაოდ მოკლეა დისტანცია მოწყვეტიდან სახლებამდე, უხეში გაზომვით 150 მეტრია და, პრაქტიკულად, უმოკლეს დროში განვითარდებოდა ეს პროცესი. შესაბამისად, დღეს დაბეჯითებით ვთქვათ რაიმე ღონისძიებაზე, რთული იქნება, ამას დამატებითი კვლევა სჭირდება“,- აცხადებს გედევანიშვილი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნავს, სააგენტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის შესაძლო საფრთხის შესახებ გამოაქვეყნა დასკვნა და გასცა რეკომენდაცია, თუმცა, ეს დასკვნა კონკრეტულად იმ ფერდს საიდანაც მეწყერი განვითარდა არ უკავშირდებოდა.
„კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ამ ოჯახებიდან არ ყოფილა შემოსული, ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომელიც ქვათაცვენას უკავშირდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, გავეცით რეკომენდაცია, რომელიც არის მიმდებარე და არ უკავშირდება ამ ფერდს.
გეოლოგიური ბიულეტენი არის გამოქვეყნებული, რომელიც არის ვიზუალური დათვალიერებით პირველადი შეფასება. დასკვნა და დეტალური გამოკვლევა არ ყოფილა ჩატარებული და შეუძლებელია ყველა პოტენციური მეწყრული უბნის დეტალური კვლევა საქართველოში. რადგან რამდენიმე ათეული მეწყრული უბანია“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.