“თბილისში მეტი კონკურენცია გვინდა” – უჩა სეთური საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ საუბრობს
“თბილისში მეტი კონკურენცია გვინდა”, – ამის შესახებ “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” თავმჯდომარემ, უჩა სეთურმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სეთურმა საკომუნიკაციო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
“საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” თავმჯდომარე სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შესახებ კვლევას გამოეხმაურა, რომელიც გუშინ კომუნიკაციების კომისიამ წარადგინა. კვლევის შედეგებით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
“გუშინწინ OECD-ის ანგარიში იყო, რომელიც ინტერნეტის ნაწილში ქვეყნის შეფასებას შეეხებოდა, გუშინ კომუნიკაციების კომისიამ თავისი შეკვეთილი კვლევაც დადო. თავშივე მნიშვნელოვანი მომენტი უნდა ითქვას: უნდა განვასხვავოთ კორპორატიული კლიენტებისთვის შეთავაზებული ინტერნეტის ფასი, რომელიც ნამდვილად მაღალია. ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა, თუ შევადარებთ, ეს აშკარად ჩანს. ეს როგორც OECD-ის კვლევამ, ასევე მარეგულირებელი კომისიის ანგარიშმა აჩვენა. რატომღაც, აღნიშნული ისე ითარგმნა, რომ ეს მოსახლეობას, ფიზიკურ პირებს შეეხებოდა. ეს ასე არაა. შემიძლია, მცირე და საშუალო კომპანიების სახელით, რომლებიც ჩვენს ასოციაციაში არიან გაერთიანებულები, გითხრათ, რომ ინტერნეტის ფასი თითქმის ზღვარზეა, მინიმალურია, ამაზე დაბლა სერვისების მიწოდება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. მოგებაც მიზერულია.
უნდა ითქვას, რომ ფასების სხვაობა მხოლოდ იურიდიული პირებისთვის შეთავაზებულ მომსახურებას შეეხება, სადაც ორი ტიპის სერვისებს განასხვავებენ. ესაა მიკრო, მცირე ბიზნესი, რომელიც, ძირითადად, 30 მბ-მდე სიმძლავრის ინტერნეტს იყენებს და საუბარია მსხვილ ბიზნესზე, რომელიც უფრო მაღალსიჩქარიან ინტერნეტს იყენებს. მათ შორისაც სხვაობაა. თუ შევადარებთ ბოლო მონაცემებს, რომელიც კომისიის ვებგვერდზე იტვირთება ხოლმე: მოსახლეობა და მცირე ბიზნესი დაახლოებით ერთი და იმავე სიმძლავრის ინტერნეტს მოიხმარს. მიწოდების მხარეს პრობლემა არაა, თუ კომპანიები მოგვთხოვენ, ვთქვათ, 10-ჯერ მეტი სიჩქარის ინტერნეტი მივაწოდოთ, ამის პრობლემა არ არის. თუმცა, მათთვის ფასია ხოლმე მიუღებელი. ჩვენი ფასი, რა თქმა უნდა, იმ კომპანიების ფასებისგან განსხვავდება, რომლებიც ბაზარზე ძირითადად არიან წარმოდგენილი. მიზეზია საინტერესო, რატომ ვართ ამ მოცემულობაში: დიდ ქალაქებში, საცალო ბაზარზე, მაგალითად, ავიღოთ ფიზიკური პირების ბაზარი, წარმოდგენილი ფასი შეიძლება, 60-65 ლარი იყოს, რეგიონებში ანალოგიური მომსახურებაზე ფასი შეიძლება, ნახევარი, ნახევარზე ბევრად ნაკლებიც იყოს. რეგიონებში ინტერნეტი ბევრად უფრო იაფია, ვიდრე თბილისში. ამის მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ დემპინგური ფასების შეთავაზება ხდება. თბილისში კონკურენცია ბევრად უფრო შეზღუდულია, ვიდრე რეგიონებში. რეგიონებში დაახლოებით 160-მდე კომპანიაა, თბილისში ჩანაცვლებადობა თითქმის შეუძლებელია. თუ შევაჯამებთ: თბილისში მეტი კონკურენცია გვინდა. რა ხდება ამ შემთხვევაში: 3 მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს, რომელიც 2023 წლის ბოლოს ხელისაწვდომი გახდა: პირველი არის ინფრასტრუქტურის გაზიარების კანონი, რაც იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია, თბილისში, სადაც რეგიონებიდან მცირე და საშუალო ბიზნესის შემოსვლის პრობლემა იყო, ქსელთან დაშვება მივიღო. ეს დარეგულირდა, კანონი ძალაში შევიდა, ახლა კანონქვემდებარე აქტის შემუშავება მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში ინფრასტრუქტურის გაზიარების უფლება ყველა კომპანიისთვის ამოქმედდება; მეორე – მარეგულირებელმა კომისიამ, თუ არ ვცდები გაზაფხულზე, ე.წ. ბოლო მილის გამოყენების უფლება უნდა მიიღოს. ეს რას ნიშნავს: თუ აბონენტმა მოვითხოვე, რომ ჩემთან, სიტყვაზე მეხუთე კომპანია უნდა შემოვიდეს, იმ კომპანიას, რომლის მფლობელობაშიც ქსელია, ვალდებულება აქვს, აბონენტის მოთხოვნით ის კომპანია დაუშვას , რომლის სერვისიც მას სჭირდება. მაგრამ, პირველ კომპანიას, ვინც ეს ქსელი ააშენა, უფლება აქვს, იჯარა მოითხოვოს. ამ შემთხვევაში ჩანაცვლება იქნება, რაც კონკურენციას ზრდის. მესამე პროექტი, რომელიც მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, open net-ის პროექტია. მაგალითად, გურიაში იყო ჩართული. რა მოგვცა ამ პროექტმა: საბითუმო სერვისების გამოყენების შესაძლებლობა 3- ჯერ იაფად მივიღეთ. იგივე შეიძლება, რაჭა -ლეჩხუმშიც იყოს, თუ უკვე ამოქმედებული არაა. წელს დასავლეთ საქართველოში ეს პრობლემა საერთოდ მოგვარდება.
ეს ყველაფერი ერთობლიობაში იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ბაზარზე კონკურენცია არსებითად შევცვალოთ, პირობები შეიცვალოს, მათ შორის ტარიფებზე, მდგენელები შეიცვალოს და შემცირდეს, მივიღოთ შესაძლებლობა, რომ მათ შორის იურიდიული პირებისთვის შეთავაზებული ინტერნეტი ხელმისაწვდომი იყოს. ბაზრის ლოგიკაა: თუ რაღაცას ბევრს მოვიხმარ, ერთეულზე ფასი უფრო იაფი უნდა იყოს, ჩვენთან ეს პირიქითაა, რაც პარადოქსია.
ეს ყველაფერი ერთობლიობაში, ის 3 ცვლილება, რასაც შევეხე, არსებითად განსხვავებულ სურათს მოგვცემს. კომისიაა ის, ვინც ეს ყველაფერი უნდა განახორციელოს, ჩვენ, ოპერატორებმა ეს უნდა შევასრულოთ. ამ ყველაფრის ერთობლიობაში შესრულება, ამოქმედება მოცემულობას უკვე არსებითად შეცვლის. შემდეგ წელს, იმედი მაქვს, ქვეყანას ასეთი შეფასება უკვე აღარ ექნება, რაც, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა, იმიტომ, რომ თუ ინტერნეტი ძვირია, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ონლაინ ცუდად მუშაობს, მით უმეტეს, ბიზნესსექტორი. ეს დიდი პრობლემაა და სასიამოვნო შეფასება არაა”, – განაცხადა უჩა სეთურმა.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, “ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია. ხოლო, რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს – ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
მათივე ინფორმაციით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია. აღნიშნული შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა.
“კვლევის მიხედვით, მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს. აქვე ვკითხულობთ, რომ ციფრულ ეპოქაში ინტერნეტის მოხმარების ტრენდი მიმართულია მზარდი სიჩქარის და მოცულობის მოხმარებისკენ, რაც 5G ინტერნეტის დანერგვასთან ერთად, კიდევ უფრო გაიზრდება. ანალოგიური მდგომარეობაა ფიქსირებულ ინტერნეტ მომსახურებებზე, ვინაიდან მომხმარებლების მიერ ონლაინში გატარებული დრო და სხვადასხვა მომსახურებების ონლაინ მიღებაზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება, შესაბამისად, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურებების როლი აბონენტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რაც საქართველოში პრობლემას წარმოადგენს”, – წერია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მობილურ მომსახურებებზე ფიზიკური პირი აბონენტებისთვის საქართველოში დაბალი მოცულობის პაკეტები, მაგალითად, როგორიცაა 5 გბ. და ულიმიტო წუთები – ევროპულთან შედარებით 1%-ით ძვირია, 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთის ფასი კი 23%-ით მეტი.
“მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია.
რაც შეეხება იურდიულ პირ აბონენტებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე.
ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი მდგომარეობა ასეთია – ფიზიკური პირი აბონენტებისთვის, ოპტიკური ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი, 25 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი, ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე თბილისში 5%-ით, ხოლო რეგიონებში 17%-ით იაფია. მაღალი სიჩქარის ფიქსირებულ ინტერნეტზე კი საქართველოში ფასები ევროპულთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. კერძოდ, 100 მბ/წმ-იანი ინტერნეტ პაკეტის ფასი ევროპის ქვეყნების ანალოგიური მომსახურებების საშუალო ფასზე 136%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნებში ოჯახების საშუალოდ 55% – 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, მათგან 19 ქვეყანაში ოჯახების 40%-ზე მეტი აღნიშნული სიჩქარის ინტერნეტს იყენებს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს – 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, ვინაიდან მისი ფასი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით 136%-ით მაღალია.
რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება უფრო ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. კერძოდ, იურიდიული პირებისთვის 10 მბ/წმ-იანი ოპტიკური ინტერნეტის ფასი, საქართველოში ევროპის 23 ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის 3-ჯერ მაღალია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მაღალი მოცულობის ოპტიკური ინტერნეტი, სტანდარტულ იურიდიულ შეთავაზებებში ხელმისაწვდომი საერთოდ არ არის”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.