მალტის ქართული კულტურის ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა მემორანდუმს გააფორმებენ
ხვალ, 12:00 საათზე მალტის ქართული კულტურის ცენტრ EuroGeorgia- Malta-სა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. ქართული კულტურის ცენტრი EuroGeorgia-Malta მალტის რესპუბლიკაში დაარსდა და იგი მალტაში ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა. საქართველოში EuroGeorgia-Malta-ს ოფიციალური წარმომადგენელია კომპანია VIPR, რომლის ორგანიზებითა და ხელშეწყობით მალტის რესპუბლიკაში ოცდაორი საერთაშორისო კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა. მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და EuroGeorgia-Malta-ს შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული პროექტების განხორციელება, როგორც მალტაში, ასევე საქართველოში. მემორანდუმის ფარგლებში მალტაში მყოფი ქართველი ემიგრანტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ქართული და ინგლისურენოვანი წიგნები. იგეგმება პროექტის „ქართული საგანძური მალტაში” ერთობლივად განხორციელება. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მალტის ქართული კულტურის ცენტრ EuroGeorgia-Malta-ს, კომპანია VIPR-ისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.