მხატვარ-კერამიკოსის გამოფენა სიღნაღში
17 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში მხატვარ – კერამიკოსის, ვაჟა მოსულიშვილის (1961-1985) ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება. ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, ვაჟა მოსულიშვილმა 100-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. ავტორის შემოქმედების ძირითადი განმსაზღვრელი თიხა იყო. ვაჟა მოსულიშვილმა შეძლო ზღაპრული და მითოლოგიური პერსონაჟების, ფანტასტიკური ცხოველების თუ გმირის შინაგანი სულიერი სამყაროს წარმოჩენით ქართულ კერამიკაში ახალი სიტყვა ეთქვა. სიღნაღის მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ, ნათლად აღიქვან თიხის დეკორატიულობა, ხაზის სისადავე, პლასტიკურობა, პერსონაჟების ფსიქოლოგიური ასპექტები, სტილი და ფორმები, რაც ასე მნიშვნელოვანია ქართულ კერამიკაში. ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევრების გამოფენა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.