„ჩვენი ქვეყნისა და სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის, განსაკუთრებით კი ბაკურიანისთვის, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა: მიმდინარე წელს ჩვენ ღირსეულად ვუმასპინძლეთ სათხილამურო მსოფლიო ჩემპიონატს და სწორედ ამის შემდეგ საქართველომ მეორედ მიიღო აღიარება და მსოფლიო თასების მასპინძელი ქვეყანა გახდა. ეს არის დამატებითი სტიმული ჩვენი ქვეყნისთვის, ტურისტული პოტენციალის ღირსეულად წარმოდგენისთვის“, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„ძალიან კომპლექსური მოსამზადებელი სამუშაოები ჩავატარეთ იმისთვის, რომ მსოფლიო თასებს ბაკურიანში ღირსეულად ვუმასპინძლოთ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც გასული 2-3 წლის განმავლობაში მთავრობამ ბაკურიანში განახორციელა. 300 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა ბაკურიანში, მოეწყო ახალი საბაგირო კომპლექსები, აშენდა ახალი სასრიალო ტრასები, აშენდა ორი ხელოვნური რეზერვუარის ტბა, მოეწყო 32 კმ-ზე მეტი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. რეალურად, მთელი ეს ინფრასტრუქტურა სრულ თანხვედრაშია იმ საერთაშორისო ევროპულ სტანდარტებთან, რომლებსაც ჩვენ ვხვდებით საერთაშორისო და სახელოვან სათხილამურო კურორტებზე. იმან, რომ საქართველოს დღეს ბაკურიანის სახით ასეთი აღჭურვილი და კარგი სამთო-სათხილამურო კურორტი აქვს, მოგვცა შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანას განაცხადი გაეკეთებინა მსოფლიო თასების მასპინძლობაზე.
გავიარეთ არაერთი შერჩევის პროცესი, ძალიან რთული ინსპექცია და ჩვენი ქვეყანა, ამ შემთხვევაში ბაკურიანი კიდევ ერთხელ შეფასდა როგორც ერთ-ერთი მოწინავე კურორტი სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის კუთხით, და ამან განაპირობა ის, რომ დღეს ჩვენ წარმატებით ვუმასპინძლეთ მსოფლიო თასების პირველ ეტაპს. ეს ძალიან დადებითად აისახება საქართველოს ტურისტულ პოპულარიზაციაზე. გარდა იმისა, რომ დღეს ჩვენს ქვეყანას სტუმრობს არაერთი სახელოვანი სპორტსმენი, საქართველოში ჩამოვიდა არაერთი გავლენიანი მედიასაშუალება, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს სამთო-სათხილამურო პოტენციალს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.