სომხეთის მარეგულირებელმა რადიო Sputnik Armenia-ს მაუწყებლობის ლიცენზია შეუჩერა
სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ რადიო Sputnik-Armenia-ს მაუწყებლობის ლიცენზია 30 დღით შეუჩერა.
მარეგულირებლის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ საქმის წარმოება “აუდიოვიზუალური მედიის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყეს.
კომისიაში განმარტავენ, რომ აღძრულია ორი ადმინისტრაციული წარმოება.
პირველი შეეხება 17 ნოემბერს გასულ გადაცემას – “პარასკევი ტიგრან კეოსაიანთან ერთად”, რომელშიც გადაცემის ავტორმა და წამყვანმა სომხეთის რესპუბლიკის და ხალხის მიმართ „ირონიულ და დამამცირებელ გამონათქვამებს იყენებდა, აკეთებდა ისეთ შეფასებებს, რისი უფლებაც – როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს – არ ჰქონდა”.
მეორე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო გადაცემა Abovyan Time-თან დაკავშირებით. კომისიაში აცხადებენ, რომ გადაცემა შეიცავდა მოსაზრებებს და ინფორმაციას, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება და ხალხში პანიკაც კი გამოიწვია. მეორე წარმოების ფარგლებში კომისიამ ასევე გადაცემა 1,2 ათასი დოლარით დააჯარიმა.
ცნობისთვის, ტიგრან კეოსაიანი რუსეთის მოქალაქეა, კრემლის პროპაგანდისტის – მარგარიტა სიმონიანის ქმარი, რომელიც მედიაჯგუფის Russia Today-ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორია.