დონალდ ტუსკმა პოლონეთის ახალი მთავრობა წარადგინა
პოლონეთის სეიმის მიერ 11 დეკემბერს ქვეყნის პრემიერმინისტრად არჩეულმა დონალდ ტუსკმა პარლამენტში დღეს მისი მთავრობის კაბინეტის წევრები წარადგინა.
ტუსკის მთავრობის ვიცეპრემიერი, ეროვნული თავდაცვის მინისტრი გახდა “გლეხთა პარტიის” თავმჯდომარე – ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში. ტუსკის განმარტებით, ახალი მინისტრის ამოცანებში შევა პოლონეთის არმიის სამოქალაქო ზედამხედველობა, შეიარაღება და სამხედრო კონტრაქტები.
მეორე ვიცეპრემიერი და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი – პეტრე გალკოვსკი გახდა.
საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გახდა, რომელიც ამ თანამდებობას სხვადასხვა წლებში იკავებდა, ასევე, ქვეყნის თავდაცვის მინისტრიც იყო.
შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრის პოსტს მარჩინ კიერვინსკი დაიკავებს. მის ამოცანებშია, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო საზღვრების დაცვა.
იუსტიციის მინისტრი გახდება სენატორი ადამ ბოდნარი, რომელსაც, ტუსკის თქმით, პოლონეთში “კანონის უზენაესობის დაბრუნება” მოუწევს. ბოდნარი ასევე ხდება გენერალური პროკურორიც. ტუსკმა განმარტა, რომ ის არ არის არცერთი პარტიის წევრი და, შესაბამისად, უკვე არის “დამოუკიდებელი კანდიდატი”.
ეროვნული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტომაშ სიმონიაკი დაზვერვის სამსახურების კოორდინატორის თანამდებობას დაიკავებს.
ფინანსთა მინისტრი გახდება ანჯეი დომანსკი.
იუსტიციის ყოფილი მინისტრი ბორის ბუდკა სახელმწიფო ქონების მინისტრის პოსტს დაიკავებს.
ადამ შლაპკა ევროკავშირის საქმეთა მინისტრი გახდა.
პოლონეთის ყოფილი ელჩი რუსეთში – კატაჟინა პელჩინსკა-ნალენცი ფონდებისა და რეგიონული პოლიტიკის მინისტრი გახდა.
დონალდ ტუსკის მთავრობაში ახალი სამინისტროც შეიქმნა – მრეწველობის სამინისტრო, რომელსაც მაჟენა ჩარნეცკა უხელმძღვანელებს.
ტუსკის მთავრობა ფიცს ხვალ, 13 დეკემბერს დადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ხვალიდან მისი მთავრობის კაბინეტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.