“უკრაინამ, ვოლინის ხოცვა-ჟლეტის მსხვერპლთა ექსჰუმაციის გარეშე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არც უნდა იოცნებოს” – პოლონეთის ვიცეპრემიერი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, პაველ იაბლონსკის განცხადებით, უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, სანამ ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა ექსჰუმაციის საკითხს არ გადაწყვეტს.

ამის შესახებ მან რადიოსადგურ ZET-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ექსჰუმაციის პროცესი უკვე დაწყებულია ტერნოპოლის რაიონის სოფელ პუჟნიკის პირველ მონაკვეთზე. მაღალჩინოსანმა ასევე თქვა, რომ პოლონეთის ხელისუფლება გააგრძელებს მუშაობას ექსჰუმაციის ნებართვის სწრაფად გასაცემად.

„ჩვენი აზრით, ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე, და ამას ბევრი უკრაინელიც აცნობიერებს, უკრაინას არ აქვს საფუძველი, იოცნებოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა იაბლონსკიმ.

მან ასევე დასძინა, რომ, ექსჰუმაციის საკითხის გადაწყვეტის გარეშე, შეუძლებელია უკრაინასთან გრძელვადიანი შერიგების დამყარება და პოლონეთის ხელისუფლება ამ ფაქტს ხაზს ყოველთვის გაუსვამს.

​​ვოლინის ხოცვა-ჟლეტა  ეთნიკურად პოლონელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურებაა უკრაინის მეამბოხე არმიის (OUN) მიერ, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში და ვოლინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ის დაიწყო 1943 წლის მარტში და პიკს იმავე წლის ივლისში მიაღწია. პოლონური მხარის საპასუხო ქმედებებმა, რომელიც 1943 წლის ზაფხულის ბოლოს დაიწყო, გამოიწვია უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მნიშვნელოვანი მსხვერპლი.

1943 წლის მეორე ნახევრიდან უკრაინელმა ნაციონალისტებმა პოლონელი მოსახლეობის განადგურება უკვე აღმოსავლეთ გალიციის ტერიტორიაზე დაიწყეს. ამ რეგიონში პირველი ხოცვა-ჟლეტა ჯერ კიდევ 1943 წლის ოქტომბერში განხორციელდა, ხოლო მათი გაძლიერება 1944 წლის თებერვალში მოხდა.

პოლონეთის სეიმი ვოლინის ხოცვა-ჟლეტას პოლონეთის მოსახლეობის გენოციდად მიიჩნევს.

რაც შეეხება მსხვერპლს, არსებობს სხვადასხვა მოსაზრება რიცხვებთან დაკავშირებით. ისტორიკოსების ნაწილი თანხმდება, რომ ვოლინში დაღუპულია პოლონელების, სულ მცირე, 40 ათასი, სხვა ტერიტორიების გათვალისწინებით კი, ეს რიცხვი 75-100 ათასს აღწევს.

უკრაინელების მხარეს მსხვერპლი 20-25 ათასს აღწევს.

ივლისში პოლონეთის სეიმმა ვოლინის ტრაგედიის 80 წლისთავის აღსანიშნავად რეზოლუცია მიიღო, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად, „დანაშაულის აღიარების“ მოწოდებაც არის.

მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინელ და პოლონელ ექსპერტებს შორის დიალოგი სწრაფად განახლდება, რათა მოხდეს 1943-1945 წლების საკამათო საკითხების შესწავლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები