G7-ის ქვეყნები ადასტურებენ ისრაელის თავდაცვის უფლებას და “ჰუმანიტარული პაუზისკენ” მოუწოდებენ

დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ტოკიოში ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომთან დაკავშირებით ერთობლივი პოზიცია ჩამოაყალიბეს.

განცხადებაში მინისტრებმა დაგმეს “ჰამასი”, მხარი დაუჭირეს ისრაელის თავდაცვის უფლებას და “ჰუმანიტარული პაუზის” დაჩქარებისკენ მოუწოდეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იაპონიის და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები „ხაზს უსვამენ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და ხალხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რათა თავიდან აიცილოს “ჰამასის” 7 ოქტომბრის მსგავსი თავდასხმები”.

ისინი ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას „ჰუმანიტარული პაუზების მიმართ, რათა ხელი შეუწყონ სასწრაფო დახმარებას, სამოქალაქო პირების გადაადგილებას და მძევლების გათავისუფლებას“.

განცხადება მოუწოდებს ირანს, “თავი შეიკავოს “ჰამასის” მხარდაჭერისა და შემდგომი ქმედებებისგან, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს, მათ შორის, “ჰეზბოლას” და სხვა არასახელმწიფო აქტორების მხარდაჭერისგან და ამ ჯგუფებზე საკუთარი გავლენა რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციისთვის გამოიყენონ”.

დოკუმენტი ასევე გმობს იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე “პალესტინელების მიმართ ექსტრემისტული ძალადობის ზრდას”, რაც, მინისტრების თქმით, “მიუღებელია, ძირს უთხრის დასავლეთ სანაპიროზე უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის გრძელვადიან მშვიდობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები