ლევან დავითაშვილი – „ტურიზმში ტენდენციები დადებითია – ვიზიტების რაოდენობა, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, თითქმის სრულად აღდგა და ზრდა გრძელდება”

2023 წლის 9 თვეში საქართველოში 5.6 მილიონი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობა 3 600 000-ზე მეტს შეადგენს, რაც 2019 წლის მონაცემებთან მიმართებით თითქმის სრული აღდგენაა. საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 35.2%-ით არის ასევე გაზრდილი 2022 წელთან შედარებით.

„ტურიზმი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია, ყველაზე ინკლუზიურია, რადგან სექტორში დადებითი ტენდენციები მოსახლეობის მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება ხოლმე. ასევე მნიშვნელოვანია შემოსავლების კუთხით ტურიზმის სტრუქტურაში ხარისხობრივი გაუმჯობესება – ბოლო წლების განმავლობაში შემოსავლები ტურიზმიდან უფრო მეტია, ვიდრე ადრე იყო” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, სადაც ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები და სტატისტიკური მაჩვენებლები შეაფასა.

ვიცეპრემიერის განცხადებით, შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია ტურიზმის რაოდენობრივი აღდგენაც, რადგან ქვეყანას სჭირდება ტურიზმიდან კიდევ უფრო მეტი შედეგის მიღება, მათ შორის, რეგიონებში. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ გვაქვს სრული აღდგენა ან უფრო მეტი ზრდა 2019 წელთან შედარებით, არის რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის, დაკეტილი საზღვრები ტრადიციულ ბაზრებთან და ა.შ.

„ტენდენციები ნამდვილად დადებითია, ეს მიუთითებს ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვაქვს გამიზნული, კარგად კოორდინირებული პოლიტიკა, მათ შორის ტურიზმის კერძო სექტორთან, ასევე ცნობადობის კამპანიები, მაგალითად, „აითიბი ბერლინი,” რომელიც ჩატარდა ძალიან წარმატებით და სხვა მნიშვნელოვანი პლატფორმები, სადაც აქტივობას არ ვანელებთ, პირიქით, უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს მომავალ წლებში” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის I-III კვარტალში საქართველოში 5,566,980 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 76.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +43%-ია.

9 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,655,576 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით ზრდა +35.2%-ია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები