მარკ რუტე: მხოლოდ კიევს შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულებაზე
ნატო უნდა დაეხმაროს უკრაინას ომის დასრულებაში მოლაპარაკებების გზით, თუმცა ეს ძალის პოზიციიდან უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მხოლოდ კიევს შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულებაზე. ამავდროულად, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა განაგრძონ უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევა, რათა მან შეძლოს მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან.
„მხოლოდ უკრაინის მთავრობას შეუძლია გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებები და როგორ დაასრულოს ეს ომი. მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ ძალის პოზიციიდან. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისათვის თავდაცვითი დახმარების მიწოდება, რათა მათ მივცეთ საშუალება, იყვნენ ძლიერ მდგომარეობაში, როდესაც ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას“, – დასძინა მარკ რუტემ.