ნიკოლოზ სამხარაძე: როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე ევროკავშირიც, თუ არანაირი მტკიცებულება არ იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ ისინი მიიღებენ არჩევნების შედეგებს

როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე ევროკავშირიც, თუ არანაირი მტკიცებულება არ იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, მაშინ ისინი მიიღებენ ამ შედეგებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ „იმედი LIVE“-ში ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

წამყვანი დაინტერესდა, როგორ წარმოუდგენია პროცესები ევროპასთან მიმართებაში, როგორ დაიძვრება პროცესი მაშინ, როდესაც ევროპელი კოლეგებისგან არის მოთხოვნა გამჭვირვალობის და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმებაზე.

„როდესაც ცესკო გამოიტანს საბოლოო დასკვნას, ამის შემდეგ შეიკრიბება პარლამენტი. ნათელია, რომ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე ევროკავშირიც, თუ არანაირი მტკიცებულება არ იქნება, რომ არჩევნები გაყალბდა, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, მაშინ ისინი მიიღებენ ამ შედეგებს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღემდე, რაც გვესმის, რეალურად გვესმის საუბრები იმდენად არა არჩევნებზე, არამედ კანონების გაუქმებაზე.

არჩევნები ან გაყალბდა, ან – არა. გამჭვირვალობის კანონს შეცვლი, თუ არ შეცვლი, ეს კორელაციაში პირდაპირ არჩევნებთან არ არის. ჩვენ აქ ვხედავთ უბრალოდ მინიშნებას ევროკავშირის მხრიდან, რომ მოდი ჩვენ ვილაპარაკოთ კანონზე, გასაგებია, რომ თქვენ არჩეული ხელისუფლება ხართ და იმისათვის, რომ გააგრძელოთ გზა ევროპული წევრობისკენ, ვისაუბროთ კანონზეო. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ ამას, რომ მზად ვართ კანონზე სასაუბროდ, ოღონდ მასზე საუბარი უნდა წარიმართოს სამართლებრივ ჭრილში და არა პოლიტიკურში – ვის მოსწონს ეს კანონი, ან – არა“, – აღნიშნა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები