გიორგი აბაშიშვილი: 2003-2012 წლებში ჩვენი ქვეყნის რეზერვების მაქსიმალური მაჩვენებელი 2 მილიარდ 900 მილიონამდე იყო და გასული წლის დეკემბრის ბოლოს რეზერვი 5 მილიარდს აღემატებოდა, თითქმის ორჯერ მეტი რეზერვი დაგროვდა
ემუქრება თუ არა ეროვნულ რეზერვებს საფრთხე, რაზეც ხელისუფლების ოპონენტები ხშირად აპელირებენ – ამ საკითხზე „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, არსებობს პერიოდები რეზერვების როგორც ხარჯვის, ასევე შევსების, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ რეზერვები სწორად იყოს დახარჯული.
მისივე თქმით, 2023 წელს რეზერვები შეივსო ისტორიულად ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე, რაც მოხდა ეკონომიკური ზრდის ხარჯზე.
„რეზერვების არანაირ დაცარიელებაზე საუბარი არ არის. არსებობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება, რომელსაც რეზერვების ადეკვატურობის შეფასება ეწოდება. რას გვეუბნება ეს მაჩვენებელი, როგორ არის დაბალანსებული რეზერვები პირობითად 100%-იან მაჩვენებელზე: მაგალითად 106-107% იყო დაფიქსირებული კოვიდპანდემიის დროს. არის თუ არა ბევრი რეზერვი კარგის მაჩვენებელი; პანდემიის დროს ისევე როგორც მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, საქართველომაც მიმართა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, იმისთვის რომ ესესხა თანხები. ნასესხები თანხა რომ შემოვიდა ქვეყანაში, ამან გამოიწვია ის, რომ რეზერვები 100%-ზე მაღალი იყო. ანუ, კარგია ამ შემთხვევაში? მას შემდეგ რაც საგარეო ვალს სწრაფად მოვემსახურეთ, 2023 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ძალიან სწორი პოლიტიკის შედეგად შეძლო ის, რომ რეზერვები შეავსო ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე და ეს მოახერხა არა საგარეო ვალის, არამედ ეკონომიკური ზრდის ხარჯზე. არის პერიოდი რეზერვების დაგროვების, არის პერიოდი რეზერვების ხარჯვის. მთავარია რეზერვები სწორად იყოს დახარჯული. შეცდომა იქნებოდა ახლა რომ ლარის კურსზე ფუნდამენტური ფაქტორებით ყოფილიყო ზეწოლა და ამ დროს დახარჯულიყო რეზერვი. ახლაც, ამ პერიოდშიც ხდება რეზერვების შეძენა. ფაქტი არის ერთი, რომ ახლა შესაძლებელია უკვე, რომ დანაკლისი რომელიც გვქონოდა, მისი ეტაპობრივი შევსება დაიწყოს. მთავარია, რომ კურსზე მოიხსნას ის სპეკულაციური ზეწოლა, რომელიც აქამდე არსებობდა.
რეზერვების პრეისტორიას რომ გადავხედოთ, 2003-2012 წლებში ყველაზე უფრო მაქსიმალური მაჩვენებელი, რასაც ჩვენი ქვეყნის რეზერვებმა მიაღწია იყო 2 მილიარდ 900 მილიონამდე და გასული წლის დეკემბრის ბოლოს რეზერვი 5 მილიარდს აღემატებოდა, თითქმის ორჯერ მეტი რეზერვი დაგროვდა“, – განაცხადა აბაშიშვილმა.