გიორგი აბაშიშვილი: ლარის კურსი გახდა მთავარი პოლიტიკური შეტევის ნაწილი, ესაა აჟიოტაჟური შეტევა ლარზე, რომელიც მოკლევადიან პერიოდში იწვევს რყევებს. ეს რყევები, რომ არ გადაზრდილიყო მძიმე ვითარებაში, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა რეზერვები
ლარის კურსი გახდა მთავარი პოლიტიკური შეტევის ნაწილი, ეს არის აჟიოტაჟური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც მოკლევადიან პერიოდში იწვევს რყევებს. იმისთვის, რომ ეს რყევები არ გადაზრდილიყო მძიმე ვითარებაში, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა რეზერვები, – განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
მას გადაცემის წამყვანებმა ჰკითხეს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ხელისუფლების ოპონენტების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ლარის კურსის შესანარჩუნებლად ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა რეზერვები და ახლა ის არის საფრთხეში, რადგან საკმაოდ დიდი რესურსი დაიხარჯა.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, ეს არის ხელოვნური აჟიოტაჟი და ოპოზიცია ეროვნულ ვალუტას პოლიტიკური შეტევის იარაღად იყენებს.
„ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, როდესაც ძალიან ხშირ შემთხვევაში ლარის კურსზე ზეწოლა ხდება არა ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, არამედ ხდება უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების განცხადებების საფუძველზე, იმ ეკონომისტების ე.წ. ექსპერტების საფუძველზე, რომლებსაც სამწუხაროდ საბჭოთა კავშირის დროს აქვთ მიღებული ეკონომიკაში განათლება და რაღაც ის არგუმენტები მოჰყავთ. ისინი ხშირად ითხოვენ ხოლმე ლარის კურსის ისეთი ფორმით მართვას, როგორც მაგალითად, დღეს მართავს რუბლის კურსს რუსეთის ცენტრალური ბანკი.
ავიწყდებათ, რომ თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროსტანდარტებზე და შესაბამის ქცევაზე, გაცილებით მნიშვნელოვანია მივბაძოთ და ვმართოთ და დიახ, ასეც ვმართავთ ჩვენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას კურსთან დაკავშირებით.
ვხედავთ, რომ ლარის კურსი გახდა მთავარი პოლიტიკური შეტევის ნაწილი. განსაკუთრებით ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში. სამწუხაროდ, ე.წ. ბიზნეს – მედიების თუ მედიების ეკონომიკური შეკვეთილი სიუჟეტები პირდაპირ ემსახურებოდა როგორღაც ლარზე მაქსიმალურ ზეწოლას. სინამდვილეში ძალიან მარტივად, რომ განვმარტოთ, ოდნავ უტრირებას მოვახდენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგალითი არის აბსოლუტურად ზუსტი ამ შემთხვევაში, რა მოქმედებს ლარის კურსზე? ლარის კურსზე მოქმედებს ფუნდამენტური ფაქტორები. არის ექსპორტის ნაწილი, არის ინვესტიციების ნაწილი, არის გადმორიცხვის ნაწილი და არის შემოსავლები ტურიზმიდან. და ჯამში, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი განსაზღვრავს ეკონომიკურ ზრდას.
ეს არის აჟიოტაჟური შეტევა ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც მოკლევადიან პერიოდში იწვევს რყევებს. იმისთვის, რომ ეს რყევები არ გადაზრდილიყო მძიმე ვითარებაში, ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რომელსაც ჰქვია რეზერვები“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.