ნიკოლოზ სამხარაძე – აშშ-ში არჩევნებზე: ჩვენგან განსხვავებით, იქ არანაირი კონვერტი არ არსებობს, ბიულეტენს კონვერტში არავინ დებს – ხმის მიცემის ფარულობის საკითხზე ყურადღება გამახვილებული არ არის
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ში ჩატარებული არჩევნები გადაცემა „იმედი LIVE“-ში შეაფასა.
მისი თქმით, პროცესი იყო ძალიან დაძაბული და გარემო – პოლარიზებული.
„გარემო იყო ძალიან პოლარიზებული როგორც უშუალოდ პარტიებს შორის, ასევე მედიაშიც საკმაოდ დიდი პოლარიზაცია იგრძნობოდა. ჩვენ შევხვდით მედიის წარმომადგენლებს და ისინიც ამბობდნენ, რომ თუ კონკრეტულად ერთ რომელიმე მედიას მოუსმენ, მაშინ ამომრჩევლისთვის რთული იქნება ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, რადგან მედია არის ძალიან მიკერძოებული პოლიტიკური პარტიების მიმართ.
იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც უშუალოდ საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ აგრესიის მსხვერპლები, თუმცა ეს ყველაფერი ეხება წინასაარჩევნო გარემოს. უშუალოდ არჩევნების დღე საკმაოდ მშვიდობიანად წარიმართა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შემთხვევას, როდესაც იყო რამდენიმე ყალბი შეტყობინებები ბომბების შესახებ, თუმცა ამას პროცესის შეფერხება არ მოჰყოლიაა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, 140 მილიონი ამერიკელიდან 80-მა მილიონმა ადამიანმა წინასწარ მისცა ხმა.
„ძალიან ბევრმა მათგანმა, მათ შორის ფოსტით მისცა ხმა და შესაბამისად, თვითონ არჩევნების დღეს, უშუალოდ უბნებზე დიდი აქტივობა არ შეინიშნებოდა. იყო უბნები, სადაც მხოლოდ 200 ადამიანი მივიდა არჩევნებზე“, – აღნიშნა სამხარაძემ.
მან ამერიკაში ხმის მიცემის ფარულობის საკითხზეც ისაუბრა და თქვა, რომ იქ ამ საკითხზე ყურადღება გამახვილებული არ არის.
„საარჩევნო უბნებზე აპარატები ისე არის განლაგებული, ადამიანი თუ მოინდომებს, თავისუფლად შეძლებს ნახოს, ამომრჩეველი ვის აძლევს ხმას. ჩვენგან განსხვავებით, იქ არანაირი კონვერტი არ არსებობს, არავინ ბიულეტენს კონვერტში არ დებს. ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანები ვერ ახერხებდნენ ბიულეტენის მოთავსებას აპარატში, სთხოვდნენ კომისიის თანამშრომლებს ან უფრო ახალგაზრდა ამომრჩევლებს, რომ დახმარებოდნენ. შესაბამისად, იქ ნათლად ჩანდა ვის მისცა ადამიანმა ხმა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.