ნიკოლოზ სამხარაძე: არ მგონია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იყოს, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია, ხალხი დასაჯო იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა
არ მგონია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იყოს, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია, ხალხი დასაჯო იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.
სამხარაძე რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტის წევრების გამოსვლას გამოეხმაურა.
„ეს [ევროპელი დეპუტატების] ვიზიტი დაორგანიზებული იყო ჟიგიმანტას პავილიონისის მიერ, რომელიც სხვათა შორის დღეს გადაირჩიეს და აღარ არის იმ თანამდებობაზე, რა თანამდებობაზეც იყო გუშინწინ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისინი ჩამოდიან. ისინი ჩამოვიდნენ შოუს დასადგმელად და შესაბამისი იყო ჩვენი რეაქციაც. წინასწარ ვიცოდით, რომ სასაუბროდ და დისკუსიისთვის ან ჩვენგან ინფორმაციის მისაღებად არ ჩამოდიოდნენ. ფაქტია, რომ მათი ქმედებები კონტრპროდუქტიულია. პირიქით, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.
რაც შეეხება მათ განცხადებებს სანქციებთან და ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე არ მგონია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება იყოს, რადგან უბრალოდ წარმოუდგენელია ხალხი დასაჯო იმის გამო, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა. ვფიქრობ თებერვლიდან გვექნება აქტიური კომუნიკაცია ევროკავშირთან, მათ შორის კანონთან დაკავშირებითაც შეგვიძლია ძალიან ღია დისკუსიაში შევიდეთ მათთან“, – აღნიშნა სამხარაძემ.