ირანმა განაცხადა, რომ აპირებს გახსნას სამკურნალო კლინიკა ქალებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სავალდებულო ჰიჯაბის კანონებს, რაც ქალებს საჯაროდ თავის დაფარვას ავალდებულებს,- ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
„სამკურნალო კლინიკის“ გახსნის შესახებ განცხადება გააკეთა თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მეჰრი თალები დარესტანმა. მისი თქმით, ჰიჯაბის მოცილებისთვის კლინიკა ქალებს მეცნიერულ და ფსიქოლოგიურ მკურნალობას შესთავაზებს.
ირანელი ქალები და უფლებადამცველი ჯგუფები ამ განცხადების გამო აღშფოთებას გამოხატავენ.
ირანელი ადამიანის უფლებათა ადვოკატის, ჰუსეინ რაისის განცხადებით, კლინიკის გახსნის იდეა, სადაც უმკურნალებენ ქალებს, რომლებიც ჰიჯაბის კანონებს არ იცავენ, არც ისლამურია და არც ირანის კანონს შეესაბამება. მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ განცხადება თეირანის სათნოების ხელშეწყობისა და პრევენციის შტაბის ქალთა და ოჯახის დეპარტამენტიდან გაკეთდა, რომელიც უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის უშუალო უფლებამოსილებას ექვემდებარება.
კლინიკის გახსნის შესახებ განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ უნივერსიტეტის კამპუსში ტანსაცმელი გაიხადა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტუდენტმა პროტესტი ამ ფორმით მას შემდეგ გამოხატა, რაც სასწავლებლის დაცვამ ჰიჯაბის არასწორად ტარებაში დაადანაშაულა.
როგორც გამოცემა იუწყება, უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ არსებობს წამების, ძალადობის და იძულებით მედიკამენტების გამოყენების მტკიცებულება მომიტინგეებისა და პოლიტიკური დისიდენტების მიმართ, რომლებიც ხელისუფლებამ ფსიქიკურად არასტაბილურად მიიჩნია.