„ღვთის ნაჩუქარი ნავთობი“, მწვანე პოლიტიკა და აზერბაიჯანის როლი COP29-ზე
COP29 კარგი მცდელობაა, გახდეს გარდამტეხი წერტილი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში — ბრძოლაში, რომელიც მოითხოვს შესაბამის წვლილს ყველა ქვეყნისგან, განსაკუთრებით, მდიდარი და განვითარებული ქვეყნებისგან. აზერბაიჯანისთვის ეს კარგი საშუალებაა, მთელ მსოფლიოს აჩვენოს საკუთარი როლი და შესაძლებლობები ამ საბედისწერო გამოწვევის დაძლევაში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა COP29 გახსნის ცერემონიაზე ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა, სადაც ერთმანეთს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ხვდება, თანაც, არამხოლოდ გეოგრაფიული თვალსაზრისით. აზერბაიჯანი, მსოფლიო მასშტაბით, მოქმედებს როგორც პოლიტიკური, კულტურული, ენერგეტიკული, სავაჭრო და სატრანსპორტო ხიდი.
ილჰამ ალიევის სიტყვებით, ქვეყნის ნავთობის მარაგი „ღვთის საჩუქარია“.
აღსანიშნავი ფაქტია, რომ COP29 ისტორიაში დარჩება, როგორც მთავარი გლობალური ფორუმი, რომელზეც სიტყვა მიეცემა ფორუმის მონაწილე ყველა წევრს, მათ შორის, მათ, ვინც, როგორც წესი, გლობალურ პოლიტიკასა და ეკონომიკაში მოვლენების ეპიცენტრის მიღმა რჩება.
ილჰამ ალიევმა 2024 წელი „მწვანე გლობალური სოლიდარობის წლად“ გამოაცხადა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება წაახალისებს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს. სამინისტრომ, ასევე აღნიშნა, რომ სოკარის ნებაყოფლობითი ვალდებულება, შეამციროს მეთანის ემისია ნულამდე (რომელიც მიღებულია COP-28-ზე დუბაიში), ასახავს აზერბაიჯანის მგრძნობელობას კლიმატის საკითხების მიმართ.
სამიტის მასპინძლობის გადაწყვეტილება ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაც წიაღისეულ საწვავზეა დაფუძნებული, გააკრიტიკეს კლიმატის აქტივისტებმა, მათ შორის, გრეტა ტუნბერგმა, რომელმაც ღონისძიებას „მწვანე PR კონფერენცია“ უწოდა.
მის საპასუხოდ, COP29-ის მსვლელობისას განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში ბორის ტიტოვმა.
„აზერბაიჯანის არჩევა 2024 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP29) მასპინძლად აბსოლუტურად გამართლებულია, ვინაიდან კლიმატის საკითხები ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებში უნდა განიხილებოდეს. გრეტა ტუნბერგმა არაფერი იცის კლიმატის საკითხების განსახილველად ადგილების შერჩევის შესახებ. გრეტა შორს არის ეკონომიკისგან, ამიტომ ის არ აფასებს საჭიროებებისა და შესაძლებლობების რეალურ ბალანსს. წიაღისეული რესურსები თავის გლობალურ როლს დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებენ და იმის პრეტენზია, რომ ისინი ნებისმიერ ფასად უნდა იქნეს მიტოვებული ახლავე, რბილად რომ ვთქვათ, არაპროდუქტიულია. ჩემი მხრივ, აბსოლუტურად ვეთანხმები აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გაოცებას ნავთობის გამო ქვეყნის მიმართ საყვედურებთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად ბუნებრივი საჩუქარია“, – აღნიშნა ტიტოვმა.