„გულაობა“ შეიძლება დასრულდეს ზედოზირებით, უეცარი სიკვდილით“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას ნარკოტიკების მოხმარებასა და მისგან გამოწვეული ფატალური შედეგების შესახებ აფრთხილებს.
როგორც ნარკოლოგი აღნიშნავს, დამოკიდებულება შესაძლოა იმდენად მძიმე ფორმაში გადავიდეს, რომ ნარკოტიკის გარდა ადამიანისთვის ყველაფერი უინტერესო გახდეს.
„ეს ვიდეო განკუთვნილია იმათთვის, ვინც თვლის, რომ არაფერი მოხდება, თუ ერთხელ გავსინჯავ, დავისვენებ, „რელაქსი“ მინდა, ამდენი ხალხი ხმარობს; თან ინტერნეტში უამრავი რამ წავიკითხე, ერთმანეთს გავუზიარეთ, „ტიკ-ტოკზე“, რა ვიცი მილიონ რამეზე, რომ უსაფრთხოა, ადვილი მოსანახია საიტზე, ვერავინ გამაკონტროლებს, სად და როგორ ვიყიდე და ა.შ.
კი, ნამდვილად ასეა, მაგრამ ამ სცენარს აქვს სამი სხვადასხვა „გამოსავალი“: რა თქმა უნდა, თქვენი გადასაწყვეტია, რა უნდა გააკეთოთ:
პირველი, ის, რაც გამოიწერე, შესაძლოა, სრულიად სხვა რამე აღმოჩნდეს და იყოს „ფენტალინით“ დაბინძურებული. „გულაობა“ შეიძლება დამთავრდეს ზედოზირებით, უეცარი სიკვდილით ან დაიძინო და დილით საწოლში მკვდარი გნახონ! ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სცენარია. თუ ვინმესთან ერთად მოიხმარე და იციან, აუცილებლად 112-ში უნდა დარეკონ, სანამ სუნთქვა გაგიჩერდება და „ნარკანს“ გაგიკეთებენ. ზოგადად, ეს პრეპარატი ოპიატების ზედოზირების დროს გამოიყენება. უნივერსალური საშუალებაა ადამიანის ზედოზირებისგან გადასარჩენად. ყოველთვის ეცადეთ, რომ მარტო არ იყოთ.
მეორე სცენარი ის არის, რომ შეიძლება დაგეწყოს ჰალუცინაციები, შფოთვა, ფორიაქი, დეზორიენტაცია, დერეალიზაცია, ძლიერი აღგზნება, შემდეგ შესაძლოა აგეწიოს წნევა, განვითარდეს ინსულტი და ინფარქტი, რადგან სტიმულატორების მოხმარების დროს, ეს არის [ერთ-ერთი] მეორე გართულება, შეიძლება ისეთიც კი, რომ საერთოდ, რეალობასთან კავშირი დაკარგო და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდე. ალბათ, არც ესაა სასიამოვნო სცენარი.
მესამე სცენარი, რაც შეიძლება განვითარდეს, არის ის, რომ რაც ყველაფერი ზევით ვთქვი, შესაძლოა არ მოხდეს, არაფერი მოგივიდეს და ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ერთ მოხმარებას შეიძლება მეორე, მესამე მოჰყვეს და მერე ჩამოყალიბდეს დამოკიდებულება ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ იმიტომ, რომ მოგეწონა.
რაც მთავარია, შენი სურვილით იმოქმედე, ნურასდროს მოიხმარ ნარკოტიკს იმიტომ, რომ ეს კარგია, „იგულავებ“ და ვიღაცამ ასე გითხრა, შენ თვითონ გადაწყვიტე, ეს არ არის სასირცხვილო, არ მოგწონდეს ნარკოტიკის მოხმარება. არავინ გაძალებს, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ყოველთვის უნდა იცოდე, რა ზიანი შეიძლება მოგიტანოს ნარკოტიკმა და რა შეიძლება შეცვალოს შენს ცხოვრებაში“, – აცხადებს ზურა სიხარულიძე.