“რუსეთი კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისთვის ემზადება და არა – მშვიდობისთვის” – გიტანას ნაუსედა
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მთელი მსოფლიოს პრობლემად დაასახელა, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ საკვებსა და ბირთვულ უსაფრთხოებაზე.
ამის შესახებ LRT წერს.
პოლიტიკოსმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
„ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ემზადება კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებისთვის და არა – მშვიდობისთვის“, – თქვა ნაუსედამ.
ლიეტუვის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი ზეწოლა უნდა მოახდინოს რუსეთზე, რათა შეწყვიტოს მიზანმიმართული თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
„კახოვკას კაშხლის ნგრევით გამოწვეული უპრეცედენტო ეკოლოგიური კატასტროფა არ უნდა განმეორდეს ახალი, კიდევ უფრო საშიში ფორმებით“, – დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
მან მოუწოდა რუსეთის ფედერაციის აგრესიული ომის შეჩერებისკენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარებისა და აღჭურვილობის დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო გაყვანისკენ 1991 წლის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.