უკრაინამ პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა

უკრაინამ პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულმა სახელმწიფოებმა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტზე აკრძალვის მოხსნაზე უარი განაცხადეს.

„მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელ შეთანხმებაში დავების გადაწყვეტის წესებისა და პროცედურების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, უკრაინამ წარადგინა მოთხოვნები სლოვაკეთთან, პოლონეთთან და უნგრეთთან კონსულტაციების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უკრაინის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლონეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის მიერ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის შედეგად, ადგილობრივმა ექსპორტიორებმა უწყვეტობის, დამატებითი ხარჯების და საგარეო ეკონომიკური ხელშეკრულებების შესრულების შეუძლებლობის გამო მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს, რასაც უკრაინა ევროკავშირის სამი ქვეყნის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევად მიიჩნევს.

გარდა ამისა, უკრაინული მხარის თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ცალმხრივი ქმედებები ვაჭრობის სფეროში მიუღებელია და ბლოკის ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მოახდინოს სავაჭრო პოლიტიკის კოორდინაცია და ჰარმონიზაცია, რადგან ეს ევროკავშირის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შედის.

როგორც უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ აღნიშნა, უკრაინისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დაამტკიცოს, რომ ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვა.

„ამავდროულად, ვიმედოვნებთ, რომ ეს სახელმწიფოები მოხსნიან შეზღუდვებს და სასამართლოებში ურთიერთობების გარკვევა დიდი ხნის განმავლობაში არ მოგვიწევს“, – განაცხადა სვირიდენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები