Red Wings-მა რეისი დღესაც გააუქმა, ამჯერად მოსკოვიდან ეგვიპტის მიმართულებით
ავიაკომპანია Red Wings-მა ჟუკოვოს აეროპორტიდან შარმ ელ-შეიხში დღევანდელი რეისი გააუქმა. მგზავრებს ფრენას 16 აგვისტოს სთავაზობენ.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრებს აეროპორტის ტერმინალში გამაგრილებელი სასმელები და ცხელი კვება უკვე შესთავაზეს.
“ავიაკომპანია ყველა მგზავრს სთავაზობს სასტუმროებში განთავსებას. ტრანსფერი სასტუმროებში და სასტუმროდან აეროპორტში განხორციელდება ავიაკომპანიის ხარჯზე. ჩვენ სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას ფრენის დაგვიანებაზე და გულწრფელ ბოდიშს ვუხდით მგზავრებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ავიაკომპანიამ ორი თვითმფრინავის გაუმართაობის გამო ფრენები გააუქმა.
ანტალიაში მგზავრები გადაჰყავთ ავიაკომპანიის სათადარიგო ბორტებით, ასევე ავიაკომპანია “იკარ”-ის თვითმფრინავებით.
ცნობილია, რომ Red Wings-ი ფრენებს ასევე საქართველოში ასრულებს.