რევაზ სოხაძე: ჩვენდა სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, როდესაც დიდ ტენდერებზეა საუბარი, ადგილობრივი კომპანიები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ
ხშირ შემთხვევაში, როდესაც დიდ ტენდერებზეა საუბარი, ადგილობრივი კომპანიები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. თუმცა ჩვენ, ბოლო თვეების განმავლობაში, გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ მიგვეცა ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის შესაძლებლობა ასეთ დიდ, საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღების, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო ტენდერებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარეობს საუბარი, თუ როგორ შეიძლება დაუჭიროს მხარი სახელმწიფომ ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის, მსგავს ტენდერებში.
„მთავრობის არჩევანი და ურყევი პოზიცია არის ოპტიმალური ფასი და მაღალი ხარისხი – ეს არის ის, რაც არის ჩვენთვის განმსაზღვრელი კრიტერიუმი. თქვენ ახსენეთ, რომ უცხოური კომპანიები არიან პრივილეგირებულ მდგომარეობაში, რაც ასე ნამდვილად არ არის. ყველა ტენდერს აქვს თავისი საკვალიფიკაციო მოთხოვნა და, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც დიდ ტენდერებზეა საუბარი, ადგილობრივი კომპანიები ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.
თუმცა ჩვენ, ბოლო თვეების განმავლობაში, გადავდგით ძალიან სერიოზული ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ მიგვეცა ქართული სამშენებლო კომპანიებისთვის შესაძლებლობა ასეთ დიდ, საერთაშორისო ტენდერებში მონაწილეობის მიღების. გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის შემოვლითი გზის პირველი ეტაპის ტენდერში ქართულმა კონსორციუმმა მიიღო მონაწილეობა, რაც ძალიან გვახარებს, თუმცა მისი ფასი არის განსხვავებული დღეს გამოკვეთილი პრეტენდენტებისაგან.
გვქონდა დისკუსია ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ფარგლებში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, – იქ ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ ხოლმე და ამასთან დაკავშირებითაც, თუ როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ კომპანიებს, მათ შორის, ასეთ ტენდერებში, იყო საუბარი. მთავრობა მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, გადავდგამთ პოზიტიურ ნაბიჯებს ამ თვალსაზრისით ისევე, როგორც ბევრი სხვა მიმართულებით გადაიდგა უკვე პოზიტიური ნაბიჯები“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.