რევაზ სოხაძე: ჩვენ ვუყურებთ კერძო სექტორს, როგორც ჩვენს პარტნიორებს – მინდა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები მეტ ინვესტიციას ახდენდნენ საკუთარი ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებასა და კადრების გადამზადებაში

როდესაც ნდობის დაბრუნებაზე ვსაუბრობ, იგულისხმება, პირველ რიგში, სახელმწიფო, ჩვენი სისტემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ყველა ტენდერი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ კომპანიებმაც, კერძო სექტორმაც უნდა დაიბრუნოს ეს ნდობა, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მისივე თქმით, კერძო კომპანიებმა მეტი ფული უნდა დახარჯონ ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებასა და კადრების გადამზადებაში.

„ინფრასტრუქტურას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, არ ვაშენებთ ვიღაცის დასანახად. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავიაზროთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა უნდა მოემსახუროს თაობებს. ჩვენ არ ვართ იმდენად მდიდარი ქვეყანა და, მგონი, არც მდიდარი ქვეყნები არ მისცემენ თავს იმის უფლებას, რომ უყაირათოდ ვხარჯოთ ფული. შესაბამისად, როდესაც ნდობის დაბრუნებაზე ვსაუბრობ, იგულისხმება, პირველ რიგში, სახელმწიფო, ჩვენი სისტემა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ გამჭვირვალეები და ყველა ტენდერი იყოს აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ კომპანიებმაც, კერძო სექტორმაც უნდა დაიბრუნოს ეს ნდობა.

მე ხშირად მითქვამს, რომ ჩვენ ვუყურებთ კერძო სექტორს, როგორც ჩვენს პარტნიორებს და ჩვენ ერთად უნდა მივაღწიოთ ამ შედეგს, თუმცა კერძო სექტორმაც თავის თავზე უნდა იმუშაოს – ბოდიში ასეთი გამოთქმისთვის. მინდა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები მეტ ინვესტიციას ახდენდნენ საკუთარი ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესებაში, მეტ ფულს ხარჯავდნენ, თუნდაც, კადრების გადამზადებაში“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები