ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ ისრაელის ელჩი მარცვლეულის მოპარვის სკანდალთან დაკავშირებით საგარეო უწყებაში დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ისრაელის ელჩი დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის ხაიფაში შესვლა გახდა.

„უკრაინა-ისრაელის მეგობრულ ურთიერთობებს ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მოტანის პოტენციალი აქვს და რუსეთის მიერ მოპარული უკრაინული მარცვლეულით უკანონო ვაჭრობამ ეს ურთიერთობები არ უნდა შეაფერხოს.

რთულია იმის გაგება, თუ რატომ არ ჰქონდა ისრაელს სათანადო რეაქცია უკრაინის სამართლიან მიმართვაზე წინა გემთან დაკავშირებით, რომელმაც მოპარული საქონელი ხაიფაში ჩაიტანა. ახლა, როდესაც კიდევ ერთი მსგავსი გემი ხაიფაში შევიდა, ჩვენ კვლავ ვაფრთხილებთ ისრაელს, რომ მოპარული მარცვლეული არ მიიღოს და ჩვენს ურთიერთობებს ზიანი არ მიაყენოს.

ამ კონტექსტში, ხვალ დილით უკვე ოფიციალურად გამოვიძახეთ ისრაელის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რათა წარადგინოს ჩვენი საპროტესტო ნოტა და მოითხოვოს შესაბამისი ზომების მიღება“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.

თავის მხრივ, სიბიგას ამ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები, განსაკუთრებით მეგობარ ქვეყნებს შორის, „სოციალურ მედიაში არ მიმდინარეობს“.

„ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებები ჯერ წარმოდგენილი არ არის. თქვენ იურიდიული დახმარების მოთხოვნაც კი არ გაგიკეთებიათ, ვიდრე მედიასა და სოციალურ ქსელებს მიმართავდით. ამ საკითხის შესწავლა მოხდება“, – აცხადებს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები