ნატო განიხილავს ყოველწლიური სამიტების ჩატარების ბოლოდროინდელი პრაქტიკის შეწყვეტას, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეს ნაბიჯი შესაძლოა მიზნად ისახავდეს დონალდ ტრამპთან პოტენციურად დაძაბული შეხვედრის თავიდან არიდებას მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელს.
ნატოს სამიტების სიხშირე ალიანსის 77-წლიანი ისტორიის განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა მისი ლიდერები 2021 წლიდან ყოველ ზაფხულს იკრიბებიან და წელს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 7 და 8 ივლისს შეიკრიბებიან.
თუმცა, როგორც მაღალი რანგის ევროპელმა ოფიციალურმა პირმა და ნატოს წევრი ქვეყნების ხუთმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადეს, ზოგიერთი წევრი ამ ტემპის შენელებას ითხოვს.
ერთი დიპლომატის თქმით, 2027 წლის სამიტი, რომელიც ალბანეთში უნდა ჩატარდეს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე გაიმართება, ხოლო 2028 წელს – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო სრული კალენდარული წლის განმავლობაში – ნატო განიხილავს სამიტის საერთოდ არჩატარებას.
მეორე დიპლომატის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყანა სამიტების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების ინიციატივით გამოდის. მან ასევე დასძინა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და საბოლოო სიტყვა გენერალურ მდივანზე, მარკ რუტეზე იქნება.