სტატია, რომელსაც ქვემოთ წარმოგიდგენთ, Scientific American-ზე 2020 წელს გამოქვეყნდა. Scientific American პოპულარული ამერიკული სამეცნიერო ჟურნალია, რომელშიც მისი დაარსებიდან დღემდე (დაარსდა 1845 წელს) მეცნიერებაში ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო კვლევების შესახებ ქვეყნდება ინფორმაცია. აქ სტატია გამოუქვეყნებია 200-ზე მეტ ნობელიანტს. Scientific American-ს ვებგვერდის, სოციალური ქსელისა და სხვა არხების მეშვეობით, 10 მილიონზე მეტი ადამიანი კითხულობს.
„კლიმატის ცვლილების და მყინვარების დნობის პარალელურად, ალპურ რაიონებში მეტ-ნაკლებად ცნობილი საფრთხე წარმოიქმნება: წყალდიდობა, რომელიც გამოწვეულია მყინვარული ტბების ჯებირების გარღვევით. ეს მოვლენა ძალიან სწრაფად ხდება და თითქმის, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, თავისუფალ დინებაში უშვებს წყლის ძალიან დიდ რაოდენობას. წყალდიდობის დინების გზაზე მყოფმა დაუცველმა თემებმა შესაძლოა, სერიოზული ზარალი განიცადონ.
მკვლევრები ეძებენ მეტად ეფექტურ შესაძლებლობებს ამ მოულოდნელი წყალდიდობების პროგნოზირებისთვის და მათი საფრთხის შესამცირებლად.
წარმოიდგინეთ მთელი ტბა, რომელიც ერთბაშად ეშვება მთიდან და თან მოაქვს ყინული და ქვები.
ეს ჯერჯერობით ნაკლებად გავრცელებული საფრთხეა მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა, კლიმატის ცვლილებასთან ერთად, უფრო ხშირი ხდება. ეს მყინვარული ტბების ე.წ. ამოფრქვევაა, რაც გლობალური ტემპერატურის მატებისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მყინვარების ლღობის შედეგია.
მყინვარების დნობის შედეგად წარმოიქმნება სუსტად შეგუბებული ტბები, რომლებიც შეიძლება ადიდდეს და ჯებირები გაარღვიოს. ამ გზით წარმოქმნილ წყალდიდობას შეუძლია, დასახლებული პუნქტი გაანადგუროს, რომელიც ქვემოთ, მისი დინების მიმართულებით მდებარეობს.
მყინვარის ძირში, ზოგადად, ბევრი ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებით კი, ჰიმალაის, ანდებისა და შვეიცარიის ალპების მიმდებარედ. კვლევის თანახმად, მყინვარის დნობის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ, მსოფლიოს მასშტაბით, სულ მცირე, 12 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპულ ალპებსა და ისლანდიაში.
ეს მოვლენა ძალიან სწრაფი და არაპროგნოზირებადია. ძალიან იშვიათად ან საერთოდ არ ხერხდება გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სუსტად შეკრულმა მყინვარულმა ტბამ შესაძლოა, ჯებირები გაარღვიოს.
მკვლევრები – როგორიცაა, მაგალითად, ფაბიან უოლტერი- ცდილობენ გაუსწორონ დროს და „აჯობონ“ თბილ კლიმატს, რათა მეტი გაიგონ ამ მოვლენების შესახებ. უოლტერმა ჩაატარა თავისი სადოქტორო კვლევები აქ – შვეიცარიის მეორე უდიდეს მყინვარულ ტერიტორიაზე, გორნერზე (Gornergletscher – სიგრძე 14,1 კმ, სიგანე 1,5 კმ-მდე, ფართობი — 68,9 კმ². ფირნის ხაზი გადის 3240 მ-ზე. ალპებში მდებარე მყინვარებს შორის გორნერი სიდიდით მეორე ადგილზეა).
„ჩვენ ვსწავლობდით ტბას, რომელიც უკვე აღარ არსებობს და ასევე, მყინვარული ტბის დრენაჟის ფენომენს. ეს არის მყინვარებთან დაკავშირებული ერთ-ერთი ბუნებრივი ხიფათი, რაც ალბათ ყველაზე დიდი საფრთხეს შეიცავს, ვინაიდან მისი წინასწარმეტყველება და საშიშროების შეფასება ძალიან რთულია. ეს არის დიდი სფერო გლაციოლოგიაში.“
ბუნებრივი ჯებირები, რომლებიც იკავებენ მყინვარულ ტბებს, არამდგრადია, ამიტომ მცირე ნაპრალი შეიძლება ძალიან სწრაფად იქცეს უფსკრულად.
ძირითად შემთხვევებში, ტბებში დაგროვებულ წყალს ყინული ან მორანი (მყინვარის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი ქვებისა და მიწის მასა) აკავებს. წყლის დინებას თან მოაქვს ეს მასა, რაც თანდათან აფართოებს ნაპრალს. შედეგად, ისეთ უწყინარ მოვლენასაც კი, როგორიცაა ძლიერი წვიმა ან ყინულის დიდი მასის წყლის ზედაპირზე დაცემა, ბუნებრივი ჯებირის გარღვევა და მასშტაბური წყალდიდობის გამოწვევა შეუძლია.
მყინვარის დნობის შედეგად წარმოქმნილი წყლის მასა ანგრევს მორანის ჯებირს, თუმცა ყინულით შექმნილი ჯებირები შეიძლება პერიოდულად გაირღვეს და აღდგეს. უფრო მეტიც, ყინულით შემოსაზღვრული ტბები შეიძლება ციკლურად დაიცალოს და შეივსოს.
„ამ ფენომენის პროგნოზირება ძალიან რთულია. ამიტომაც, რამდენიმე წელი გავატარეთ აქ და ვაკვირდებოდით ყინულის ჯებირებით გარშემორტყმულ ტბას. ის იდეალური იყო კვლევისთვის, რადგან ყოველ ზაფხულს იცლებოდა და ჩვენ ვცდილობდით ამ მექანიზმის შესწავლას.“
უოლტერის მსგავსად, ზოგი მეცნიერი ცდილობს წინასწარ განსაზღვროს წყალდიდობის მომასწავებელი ნიშნები, რათა საფრთხის ქვეშ მყოფმა თემებმა მიიღონ დროული ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. სხვა ექსპერტები, წყალდიდობების რისკის შემცირების მიზნით, განსხვავებული მიდგომების დანერგვას ემხრობიან: ახორციელებენ ტბების ხელოვნურ დრენაჟს ან ამაგრებენ ბუნებრივ ჯებირებს ქვებით და ბეტონით. აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება მყინვარების დნობის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობების რისკს ზრდის.
მყინვარები, რომლებიც აქამდე სტაბილურობით გამოირჩეოდნენ, დნობას იწყებენ და ეს მაჩვენებელია იმის, თუ რა გავლენას ვახდენთ ადამიანები გარემოზე და რას მივიღებთ პასუხად ბუნებისგან. უნდა გვახსოვდეს, რომ, საბოლოოდ, ბუნება ადამიანებზე გაცილებით ძლიერია და მას ჩვენი გაფრთხილება სჭირდება.“