თენგიზ შარმანაშვილი – არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე: მთავარი ამოცანა იქნება რესოციალიზაცია, დახმარება, რათა კრიმინალურ სამყაროს მოსწყდნენ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრამები იქნება
„მთავარი ამოცანა იქნება რესოციალიზაცია, დახმარება, რათა კრიმინალურ სამყაროს მოსწყდნენ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრამები იქნება,“- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტით თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე საუბრისას განაცხადა.
„რეაბილიტაციის ცენტრები, ეს არ არის პენიტენციური დაწესებულებები. ანუ, მათ ის რეჟიმი არ ექნებათ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში. მათი მთავარი ამოცანა იქნება რესოციალიზაცია, დახმარება, რათა კრიმინალურ სამყაროს მოსწყდნენ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრამები იქნება. ბევრს ეშლება და ჰქონიათ, რომ ეს არის კოლონიის მაგვარი დაწესებულება, რაც ასე არ იქნება. ეს იქნება სრული რეაბილიტაციის ცენტრები, სადაც მათ ღირსეულად მოეპყრობიან და შეეცდებიან რომ ჩამოაშორონ კრიმინალურ სამყაროს. საერთო მიზანი ერთია, რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის საკითხები, მაგრამ რა თქმა უნდა, მიდგომები სხვადასხვა იქნება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას იწყებს. კანონის მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. კანონპროექტი გერმანული კანონის ანალოგია.