თენგიზ შარმანაშვილი: იმაზე ლაპარაკი, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უფრო ადრეულ ასაკში დადგეს, წარმოუდგენელია, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სპეციალისტები ამ ბავშვებთან სერიოზულად იმუშავებენ, აუცილებლად გასაკეთებელი იყო

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა “ქართული ოცნების” იმ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებით სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.

“14 წლის ასაკამდე სისხლის სამართლის პასუხისგებაში პირის მიცემა არ შეიძლება, მაგრამ არის ჯგუფები, რომლებიც მიდრეკილები არიან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისკენ, თუმცა, ასაკის გამო, ბოლომდე ვერ აცნობიერებენ, რას ჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მრავალჯერ ესაუბრნენ და სხვადასხვა ღონისძიება ჩაატარეს, ამ ადამიანებზე არ ჭრის – ისინი აგრძელებენ სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობას და სახელმწიფო გულგრილი ვერ იქნება.

რა თქმა უნდა, იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ასაკი დაიწიოს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უფრო ადრეულ ასაკში დადგეს, წარმოუდგენელია და ამას არავინ გააკეთებს, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც სპეციალისტები ამ ბავშვებთან სერიოზულად იმუშავებენ და კრიმინალურ სამყაროს მაქსიმალურად ჩამოაშორებენ, აუცილებლად გასაკეთებელი იყო და ეს ნაბიჯი გადაიდგა,” – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები