,,PACE-ს დელეგაცია უკვე დაწერილი დასკვნით ჩამოვიდა” – შარმანაშვილი
,,PACE-ს დელეგაცია უკვე დაწერილი დასკვნით ჩამოვიდა, საერთოდ ასე იქცევიან, ჯერ დასკვნას წერენ, მერე ჩამოდიან და ფორმალურად დადიან აქეთ-იქით, თითქოს ეს დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნახეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა PACE-ს თანამომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
მისი თქმით, ვიდრე ასეთი მიდგომა იქნება, მანამდე დიალოგიდან კარგი არაფერი გამოვა.
„გახსოვთ, ვიდრე ისინი [PACE-ს დელეგაცია] ჩამოვიდოდნენ, მოლოდინებზე რომ მკითხეთ გპასუხობდით, რომ მე კარგი მოლოდინი არ მაქვს და რატომ? – ისინი უკვე დაწერილო დასკვნით ჩამოვიდნენ. საერთოდ ასე იქცევიან, ჯერ დასკვნას წერენ, მერე ჩამოდიან და ფორმალურად დადიან აქეთ-იქით, თითქოს ეს დასკვნა იქიდან გამომდინარეობს, რაც საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ნახეს. ეს დასკვნები უკვე დიდი ხნის დაწერილია და ეს აკვიატებულ იდეები დიდი ხნის დეკლარირებულია. ეს მარტო ამ შემთხვევაში არ ხდება. 2 დღის წინ აქვეყნებენ, რომ ეკონომიკური განვითარების ინდექსითა და პროგნოზით პირველ ადგილზე ვართ, სხვა კანდიდატები ვინც არიან გაცილებით ჩამოგვრჩებიან, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული სხვა ინდექსები, მათ შორის, დემოკრატიასთან დაკავშირებულითაც, ლიდერები ვართ და შემდეგ აკეთებენ დასკვნას, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებს – სად არის ლოგიკა?
ლოგიკა არის ერთი, რომ ჯერ დასკვნას წერენ და მერე ეძებენ გამოგონილ ფაქტებს, რომ რაიმე მიუსადაგონ ამ დასკვნას. ვიდრე ასეთი მიდგომა ექნებათ, მანამდე ამ დიალოგიდან კარგი არაფერი გამოვა.
ვამბობთ, რომ დავსხდეთ და დაგისაბუთებთ, რომ ეს კანონები შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, ჩვენს სწრაფვას ევროკავშირისკენ და გვაქვს მიზეზები, რის გამოც ეს კანონმდებლობა მივიღეთ. ამ კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით მოქმედებს იმავე მიზნებისთვის და არ შეიძლება სეგრეგაცია მოახდინო, რომ შენთვის შეიძლება და შენთვის არა.
როცა ზოგადი ფრაზებით მესაუბრები, რომ ეს კანონები გააუქმე და ჩემ არგუმენტებს არ აბათილებ, ისევ იმ სიტუაციიდან არის, რომ ჯერ დასკვნა გაქვს დაწერილი და მერე ეძებ ფაქტებს”, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, PACE-ს თანამომხსენებლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები შეწყვიტონ“.