მარიამ ლაშხი და ლევან ქარუმიძე პოლიტიკის საკითხებში არგენტინის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მარიამ ლაშხი და არგენტინის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ლევან ქარუმიძე საგარეო პოლიტიკის საკითხებში არგენტინის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანს, კლაუდიო ხავიერ როზენკვაიგს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა, ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს. ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე და ინოვაციებისა და სტარტაპების ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.
„არგენტინის დელეგაცია საქართველოში პოლიტიკური მოლაპარაკებების მიზნით იმყოფება. საპარლამენტო დიპლომატია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებში ქვეყნები თანხმდებიან თანამშრომლობის გაძლიერებაზე. ვისაუბრეთ ეკონომიკურ დიპლომატიაზე, ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. მნიშვნელოვანია, რომ არგენტინა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ის საერთაშორისო პლატფორმებზე რეზოლუციებით უერთდება როგორც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერას ასევე, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ყველა რეზოლუციას”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.