სტრასბურგის სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სააკაშვილის სარჩელი დაუშვებლად ცნო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო მიხეილ სააკაშვილის სარჩელი უკრაინის წინააღმდეგ, რომლითაც ის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და გაძევების გამო, მისი უფლებების დარღვევის აღიარებას ითხოვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ“ (საჩივარი No8113/18) განცხადება, ერთხმად დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქმე ეხებოდა სააკაშვილის მიერ 2015 წელს მიღებულ მოქალაქეობაზე, რომლის შემდეგ ის უკრაინაში პოლიტიკითაც იყო დაკავებული.
სააკაშვილს მოქალაქეობა 2017 წელს პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს დროს ჩამოართვეს. სარჩელში ის საუბრობს უფლებების სხვადასხვა დარღვევაზე, ასევე 2018 წელზე, როდესაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ის დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს.
სააკაშვილის მიერ წარდგენილ ყველა პრეტენზიაზე, გარდა ერთისა, სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა არ გამოიყენა მისთვის ხელმისაწვდომი ყველა შიდასახელმწიფოებრივი საშუალება და რომ პრეტენზიები აშკარად უსაფუძვლო იყო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ 2019 წლის მაისის შემდეგ, როდესაც სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნდა და მან პოლიტიკური საქმიანობა განაახლა, მას არაფერი უშლიდა ხელს საჩივრები უკრაინის სასამართლოში შეეტანა.