იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთის ფლანგის ყველა ქვეყანა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თუ საჭირო რეფორმების გატარების პროცესი წარმატებული იქნება, მაშინ მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, ყველა იმსახურებს პოზიტიურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტზე განაცხადა.
„მე ასეთ დროს სულ მახსენდება ჩვენი გზა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ალბათ დასაწყისში ქვეყანაში განსხვავებული სიტუაცია იყო და ვგულისხმობ ჩვენი საკანონმდებლო სისტემის ევროპულთან შეთავსებას, მაგრამ ჩვენ შევძელით ლიეტუვა ევროკავშირის წევრი გამხდარიყო სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან ერთად.
ბრიუსელში კიევიდან ჩამოვედი, სადაც უკრაინის პრეზიდენტს შევხვდი. პირველ რიგში უკრაინაში ნატოს სამიტი განვიხილეთ. ჩვენ მართლად დიდი იმედები გვაქვს, რომ სამიტი მნიშვნელოვანი ეტაპი და შევთანხმდებით უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად მკაფიო გზაზე. ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ახლა შეუძლებელია უკრაინის ნატოში სრულუფლებიან წევრობაზე ვისაუბროთ, რადგან ომია.მაგრამ ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ არ არის საკმარისი მუდმივად ვიმეოროთ ერთი და იგივე ფორმულა ღია კარის შესახებ. იმედი მაქვს, რომ შევძლებთ გარღვევას და უახლოეს დღეებში ვიპოვით შესაბამის ე.წ „ვორდინგს“ ამ თემაზე. უმნიშვნელოვანესია უკრაინისთვის მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზომებით უზრუნველყოფა და ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ვილნიუსში შევძლებთ შეთანხმებას უსაფრთხოების გარანტიებზე უკრაინისთვის. უკრაინას აქვს პროგრესი რეფორმების შესრულების გზაზე და ზელენსკიმ ბევრი რამ მითხრა წარმატებულ პროცესზე ანტიკორუფციულ მექანიზმებზე. ისინი იმსახურებენ პოზიტიურ რეკომენდაციებს ოქტომბერში და ამის შემდეგ ჩვენს პოზიტიურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს დეკემბერი ყველაზე შესაფერისი დრო იქნება უკრაინასთან მომავალ წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა ნაუსედამ.