ალუდა ღუდუშაური: რადიკალური ოპოზიციის სურვილია, ქვეყანა ჩაიგდონ ხელში
“როდესაც ვსაუბრობთ რადიკალურ ოპოზიციაზე, ეს უბრალოდ ჰაერიდან მოტანილი არ არის, ესენი არიან უსამშობლოები, როდესაც ხელი აქვთ ყველაფერზე აღებული და ერთადერთი სურვილი აქვთ, ეს ქვეყანა ჩაიგდონ ხელში და კვლავაც გააგრძელონ ის თავაშვებულობა, რასაც თავიანთი ხელისუფლების პირობებში აკეთებდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანისა და აშშ-ის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტმა ოპოზიციაში აჟიტირება გამოიწვია.
„როდესაც აღნიშნული ვიზიტის შესახებ საჯაროდ გახდა ცნობილი, თქვენ ხედავდით, როგორ იყვნენ აჟიტირებულები, ჩამოდიან ახლა და ქვეყანას აპოკალიფსი ელოდება, ამით იყვნენ ისეთი გახარებულები და ბედნიერები. უბრალოდ წარმოუდგენელია ასეთი სიბოროტის ხარისხი შენი ქვეყნის მიმართ. თუმცა, როგორც არაერთხელ ყოფილა, გაწბილებული დარჩნენ ეს ადამიანები, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქამდე არცერთი მტკიცებულება არ ყოფილა იმისა, რომ საქართველო რაიმეს არღვევს. ეს მტკიცებულება ბუნებაში ვერ იქნება, რადგან საქართველომ მკაფიოდ, პრინციპულად და მაღალ დონეზე იცავს ამ ყველაფერს და ეს შეფასებები მოვისმინეთ კიდეც. როდესაც ამ შეფასებებს ვიგებთ და გვესმის, ყველაფერთან ერთად თუ მორალიც ვინმეს შერჩენია, ხომ უნდა გამოვიდნენ და თქვან, ჩვენ შევცდით და სულ ტყუილად ვღელავდით, არანაირი პრობლემა არ ყოფილაო. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამ ვიზიტის მესვეურებს მაინც დავეთანხმოთ და მათი პოზიცია გავიზიაროთ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ამათი პოლიტიკური მომავალი ჩვენს ქვეყანაში არის დასრულებული, ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, ეს ადამიანები არიან წინააღმდეგობაში ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და ქართველი ხალხის მომავალთან“, – განაცხადა ღუდუშაურმა.