დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების თაობაზე კანონპროექტი.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა წარადგინა და აღნიშნა, რომ ცვლილებები ხორციელდება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

კანონპროექტით ევროპული სტანდარტების შესაბამისად ზუსტდება შემდეგი ლეგალური დეფინიციები – „მედიამომსახურება”, „ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურება”, „სარედაქციო პასუხისმგებლობა”. კანონპროექტის თანახმად, ასევე მკაფიოდ წესრიგდება სფეროს მარეგულირებელი ორგანოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომის დახურვის საკითხები. კომუნიკაციების კომისიის წლიურ ანგარიშში აისახება ინფორმაცია წინა წლის გეგმების შესრულების და მომავალი წლის გეგმების თაობაზე. ზუსტდება მედიამომსახურების მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის საკითხი.
შემოღებული იქნება გამარტივებული ავტორიზაციის წესი ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებისთვის. კანონპროექტით შემსუბუქდება პასუხისმგებლობა არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი პროგრამების ეთერში გადაცემისთვის. კერძოდ, აღნიშნული დარღვევისთვის პირველივე შემთხვევაში მაუწყებლებს ჯარიმის ნაცვლად დაეკისრებათ წერილობითი გაფრთხილება იმგვარად, როგორც ეს არის დაწესებული „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის სხვა მოთხოვნების დარღვევისთვის, ხოლო მომდევნო დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებულ წესით განიხილავს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე პროექტს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები