ირაკლი ქადაგიშვილი: დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია საკმაოდ რთული სასანქციო პოლიტიკის მონიტორინგი და განხორციელება
დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანაა, სადაც მთავრობას გააზრებული აქვს, თუ როგორ უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა სანქციების კუთხით და ქვეყანას შეუძლია საკმაოდ რთული სასანქციო პოლიტიკის მონიტორინგი და განხორციელება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„საქართველო არ აწარმოებს ისეთ ელექტრონულ მოწყობილობებს, რაც ექსპორტზე გადის რუსეთის ფედერაციაში. ჩვენი საექსპორტო ჩამონათვალი კარგად არის ცნობილი: ეს არის ღვინო, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, ასევე არის სამთო წარმოების გარკვეული პროდუქციაც. რაც შეეხება ელექტროსაქონლისა და ავტომობილების გატანას, საქართველო ყოველთვის მკაცრად მიჰყვებოდა ევროკავშირის მხრიდან სანქციების კუთხით დაწესებულ რეგულაციას. თუ გაამკაცრებს ევროკავშირი ამ მიმართულებით სანქციებს, საქართველო, რა თქმა უნდა, იქნება ამ სანქციების აღსრულების პროცესში. ორი განსხვავებული რამ არის საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და საერთაშორისო სანქციები, რაც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის. საქართველოს თავისი პოლიტიკა ცხადად და მკაფიოდ აქვს გაცხადებული. მათ დაინახეს სისტემური მიდგომა ჩვენი ქვეყნისა და სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან. დასავლეთმა დაინახა, რომ საქართველო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანაა, სადაც მთავრობას გააზრებული აქვს, თუ როგორ უნდა გაატაროს შესაბამისი პოლიტიკა სანქციების კუთხით და ქვეყანას შეუძლია საკმაოდ რთული სასანქციო პოლიტიკის მონიტორინგი და განხორციელება“, – აცხადებს ქადაგიშვილი.